სადგური მარტოობა


ქარს ისევ აუშვია წისქვილები,
აბრუნებს ჩემი ფიქრის გორგალივით, 
დაღლილი ხელები მაქვს - ქვის ფილები,
ბონსაის მუხლებივით მოგრაგნილი. 
შორს თეთრად ბილიკები დათოვლილან, 
ამბობენ, სულს კურნავსო იისფერი,
პატარა, უსუსური სათოვლია, 
და მე მის მოძებნაში ვიყინები. 
სიზმარი, ცხოვრება რომ მეგონა და 
ცხოვრება - სიზმარივით რომ ვისიზმრე, 
ბავშვური, სიფრიფანა გოგონადან - 
მოწყენილ უსიცოცხლო მე - ვინმემდე.
შევცქერი წისქვილებს და ქარი მიყვარს, 
ნეტავი მეც შემეძლოს დაბრუნება,
სამყარო სხვა ნაპირზე გაირიყა,
აღარ ჩანს მარტოობის სადგურიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი