როცა ხარ ცრემლის ოკეანე
როცა ხარ ცრემლის ოკეანე, მზად ხარ, მიიღო წყალუბადრუკი მდინარეც და ზᲦვებიც - მბორგავი, ყველას თანაბრად შეუძლია მიმოქცევა შენი გულის სავსე საკნებში, რომ თუნდაც წვეთ - წვეთ წაიყოლონ მადლის შარბათი - მთლად სასულთნო და სამეუფეო. ვარდის, ნუშის თუ შტოშის არომატს ენივთება ველური პიტნის გრილი გემო, რომ გაგახედებს ბავშვობაში და ჩაგაფიქრებს: ევკალიპტით მოჯარულ ეზოს დღესაც ხომ არ სტუმრობს მზეწვია... მაშინაც, ახლაც... გასცემ სხვათა კურნებად სულსაც - ზაფხულში გრილად მოლამუნეს, ზამთრობით თბილს და ერთობ ამოს, დარიჩინის რბილსურნელოვანს... რადგანაც იცი, რომ ეყოფი საწყაოდ ყველას... იქ, სად სისხამზე საარაკე წმინდა წყარონი ერეკებიან კვიმატ სიზმრებს ზანას ფსკერისკენ, რომ ავნი ავად აღარ ახდნენ... წყალმა წაიღონ... და იქაც, სადაც ბოსფორს კვეთენ თეთრი ბორნები... უსიზმრებო, მილეთის ხალხით... ვით გადამფრენი ფრინველების ზოლს ხელს აყოლებ ტკივილების შავთეთრ სტრიქონებს... სულ ყველაფერი, რის გამოც კი შეშლილია მთელი მსოფლიო, იმ ცრემლად არ ღირს, შენი თვალის ზურმუხტით რომ ჩამოიქნება. როცა შენშია ყველა წყარო, ყველა მდინარე, შენი სახელით მოდის მერე გვალვაში წვიმა - ორთავ სოფელს რომ გასწვდება და აყვავილებს სულის ყვავილებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი