აკო და კაკო
აკო ისეთი ბიჭია, ცოცხალი ბავშვიაო, რომ იტყვიან ხოლმე. დილით ადრიანად წამოფრინდება ლოგინიდან, მარდად ჩაიცვამს, საწოლს აკურატულად მიალაგებს, ფანჯარას გამოაღებს, ოთახს დილის ჯანსაღი ჰაერით აავსებს, მერე აბაზანაში შევა, ხელ - პირს დაიბანს, ისაუზმებს და გაკვეთილების ცხრილს ჩახედავს. აკო მეხუთე კლასშია. განსხვავებული სწავლება აქვს, ამას ონლაინ სწავლა ჰქვია. აქამდეკი არც გაეგონა სიტყვა ,,პანდემია“, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტია, იცის, რომ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები, ასევე წესები აქვს გარეთ გასვლას, მაღაზიაში წასვლას, მოკლედ, ზეპირად იცის ყველაფერი და ისიც იცის, რომ ეს დროებითია, ძალიან მალე ისევ წავა საყვარელ სკოლაში. დღესაც გაიღვიძა აკომ და ჩვეულებას არ უღალატა, ფანჯარა გამოაღო, ჰაერი შემოვიდესო. როცა ოთახში შებრუნდა, რას ხედავს: გზაარეული თუთიყუში შემოფრენილა, შემომჯდარა საწოლზე და თავს აქეთ - იქით ატრიალებს. აკომ უცბად მიკეტა ფანჯარა, ისევ არ გაფრინდესო. გარეთ ისე ცივა, ან აქამდე როგორ მოაღწია საცოდავმა?! - წუხს ბიჭი. - კაკო, კაკო, - ნერვიულად იმეორებს თეთრგულა, ცისფერი ჩიტი. აკო გაკვირვებული აყურადებს, რაც უფრო ძაბავს სმენას,უფრო და უფრო თავისი სახელი ჩაესმის: აკო, აკო... - დედა, დედა, ნახე, ოთახში თუთიყუში შემომიფრინდა და თან ჩემი სახელიც იცის, აკოო, მეძახის, სიხარულისგან ხტუნავს ბიჭი. - მოისმინა რა სიტყვა დედა, ახლა თუთიყუში ამის გამეორებას მოჰყვა: კაკო, კაკო, დედა, დედა... მგონი თავის სახელს გვეუბნებაო, აღნიშნა დედამ, თანაც, მე კაკო უფრო ჩამესმის, აბა, შენი სახელი საიდან უნდა იცოდესო. ამასობაში აკოს გაახსენდა, რომ ონლაინ - გაკვეთილი აქვს. როგორ არავინ დამირეკა, ბუზღუნებს, მე ხომ ყველას ვურეკავ ხოლმე... დაგვიანებით შევიდა დაბნეული ბიჭი ქართულის გაკვეთილზე, მასწავლებელმა რომ შენიშნა, აკო შემოგვიერთდაო, ჰკითხა: - აკო, გვითხარი, ვის მიუძღვნა გიორგი ლეონიძემ მოთხრობა ,,ნატვრის ხე?“ აკო ჩაფიქრდა... - დედა, დედა, ბოლო ხმაზე გაჰკივის კაკო - თუთიყუში... - აკო, ვინ გკარნახობს? - ეკითხება გაკვირვებული მასწავლებელი. - მასწავლებელო, ეს კაკოა... ამ დროს კაკო მხარზე დააჯდა აკოს და კომპიუტერის მონიტორს ჩააცქერდა. მასწავლებელს გულიანად გაეცინა. იცინიან ბავშვებიც. ბოლო ხმაზე იცინის აკო. იცინის დედაც. კაკოც იცინის, ნეტა რამე ესმოდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი