თინა და ნინა


თინა და ნინა კლასელები იყვნენ. მთის პატარა სოფელში ცხოვრობდნენ.  თინას დედა ადრე გარდაეცვალა, ნინას დედა კი დედაქალაქში მუშაობდა და შვილს მხოლოდ უქმეებზე აკითხავდა. ამიტომ ორივეს ბებოები ზრდიდნენ.
-	თებრო, ნინა მანდ არის? - მოისაკლისებდა თუ არა საქმეში გართული ციალა თვალსმიფარებულ შვილიშვილს, მაშინვე  იგუმანებდა, სადაც იქნებოდა.
-	აქ არის, ციალა, საქანელაზე სხედან, არც სიცივე იციან, არც ყინვა...
  სკოლამდე საკმაო გზა იყო. ნინა ენას არ აჩერებდა, თინა უფრო სევდიანი იყო, გულჩათხრობილი, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ ნინასთან სულ სხვანაირი ხდებოდა, მხიარული და უდარდელი. 
დათბებოდა და სოფელში ქალაქელი ბავშვები მოვიდოდნენ. ნინას სხვა მხარეს გაიტაცებდნენ, თინას - სხვა მხარეს... მაგრამ საერთო რიტუალებს არასდროს ღალატობდნენ. იებზე ერთად მიდიოდნენ, დაკრეფდნენ და თინას დედის სასაფლაოზე აიტანდნენ. საყდარშიც ერთად წავიდოდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და ვიდრე სანთლები ჩაიწვებოდა, საყდრის მორღვეული გუმბათიდან თავგადაგდებულები აჰყურებდნენ ზეცას. საღამოობით მზის ჩასვლას ხატავდნენ. როცა ნინას დედა ქალაქიდან უცხო ტკბილეულს აგზავნიდა, ნინა აივსებდა ჯიბეებს და თინას ეზოსკენ გარბოდა. ასე გადიოდა დღეები.  
ერთ დღეს თინას ბებომ ყაისნაღით საყელო მოუქსოვა, გაახამა და ულამაზესი, ქათქათა სამშვენისი გამოვიდა. ძილისპირულს თინანოს უხმო, ყელზე შემოავლო, შეატრიალ - შემოატრიალა და ტაში შემოჰკრა, ჩემი ფერია გოგო,  ხვალ სკოლაში ყველაზე ლამაზი იქნებიო.
თინამ უხმოდ მოიხსნა საყელო, მაგიდაზე დადო, პირჯვარი გადაისახა და დასაძინებლად დაწვა... დაწვა ბებოც, მაგრამ ვერ დაიძინა, ნეტა რამ დააღონა ეს ჩემი ბავშვი ასე მოულოდნელად, რომ არც არაფერი მითხრაო, - ფიქრობდა გულსჯავრშემოყრილი. ერთხანს იწრიალა და უცებ, თითქოს გონება გაუნათდაო, წამოხტა, ლამპა აანთო, ღუმელს ხმელი შეშა მიუკეთა, მხრებზე შალი წამოისხა, წამოავლო ყაისნაღსა და ძაფს ხელი და ქსოვა დაიწყო...

ზამთრის სუსხიანი დილა იდგა. სკოლის გზას მხიარულად მიუყვებოდნენ ხელჩაკიდებული გოგოები. ხან ერთს აუსრიალდებოდა, ფეხი, ხან - მეორეს და ამაზე გულიანად იცინოდნენ. კი ციოდა, მაგრამ პალტოები გაეხსნათ, ალბათ, უკვე მიხვდით მიზეზს, მათ ლურჯ კოფთებზე მტრედებივით შემომსხდარიყვნენ თინას ბებოს მოქსოვილი თეთრი საყელოები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი