კოვიდ დღიურები


დღე 1 – ლი:

რა გვმართავს ადამიანებს? - ემოციები. ემოციებს საიდან ვიღებთ? ადამიანებისგან, გარშემომყოფებისგან, ან პირადად, ანდა სატელეფონო საუბრებით, თუ მესენჯერ - მესიჯებით... ხომ ასეა..
მე კი დღეს პირველი ემოცია ლობიომ მომცა… 
ლობიოს ვხარშავ, თან სახლს ვალაგებ და ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, სახლში ვარ, როგორც იქნა, მივხედავ დაგროვილ საქმეებს... წარმოვიდგინე კიდეც, საღამოს როგორ ვშლი სუფრას, შემოვდგამ შემრეშილი პომიდვრის მჟავეს, თვალადურს, დედიკოს გამოგზავნილს, არხილოს ყველს, კეცის მჭადს, ზესტაფონისას...    და უცებ: ვაიმეე, ლობიოს სუნი რატომ არ დგას სახლში?!
რა ვიგრძენი ამ დროს და... თავიდან ფეხამდე - სისხლის გაცხელება!
მივვარდი სუნამოებს: აქეთ ,,გოტიე“, იქით - ,,დავიდოვი“, ,,ბოსსი… „ შენც არ მომიკვდე!!!
გამახსენდა ნიორი, მამაპაპური, გავსრისე, ვისვამ ცხვირპირზე - ,,ნოუ“!!!
ვფიქრობ, ლიმონის ცედრა მიშველის, ვხეხავ ლიმონს, ვყნოსავ! -  არა და არა. სრული უიმედობა დამემართა. ვურეკავ გოგას (მეუღლეს)  :
,,- გოგა, სუნს ვერ ვგრძნობ!" 
ის მპასუხობს: ,, - გრძნობ!" 
- ვერ ვგრძნობ!
- გრძნობ!
არ იჯერებს. არ უნდა, რომ  დაიჯეროს. თან ვბრაზდები, თან მესმის, ვერ მიმეტებს ამ კოვიდ - ჯანდაბისთვის!
ვიღას ახსოვს ლობიო და გემრიელი სადილი. 
გავქანდი ტესტზე...   სად ბანაობ. 
მედცენტრში დგას ტესტის რიგში ,,ჩახუტებული“ 80 ადამიანი. რიგის მომწესრიგებელი კაცი იქნევს ხელებს, ყვირის...
მარტო მე მიკეთია პირბადეზე ფარი და ვდგავარ ამ ხალხისგან 4 მეტრში.
ვფიქრობ, - ვაიმე, ესენი აქეთ გადმომდებენ კორონას.
ერეკლე მირეკავს, დეე, ბიზანტიის ტაძრებზე მასალა მაქვს მოსაძიებელი... აქ ინტერნეტი ცუდია... მთაში მყავს ბავშვები და მოხუცები გახიზნული, სწორედ ისე, ძველ ფილმში როა, ხორველა რომ სჭირს ხალხს. 
- კარგიი, სიხარულოო, ახლავე დაგეხმარები! - გავქანდი სახლში... ,,ვიმეცადინე” ისტორიაში, ისე, რომ არაფერს ვიმჩნევ. ბავშვებს ვესაუბრე მესენჯერით, მხიარულად. არადა, თავი მისკდება, წნევა - 160/100.

დღე მეორე:

ირიჟრაჟა თუ არა, ისევ აღვიჭურე ფარ - პირბადით და გავქანდი ტესტზე.
ის მაღალი კაცი, გუშინ რომ ხელებს იქნევდა, მომვარდა, რიგში ჩაწერები დასრულდა, ტყუილად დგახარო...
ვეუბნები: - ძალიან ცუდად ვარ! 
მპასუხობს: - ძალიან მშვენივრად გამოიყურები... 
-	სიცხე გაქვს? 
-	არა !- ჰოდა, აი, ხომ გითხარი, კარგად ხარ!...
ღმერთო, რად გამაჩინე უკომფლიქტო, ამას ჩემ ადგილას ხომ გადაბდღვნიდა ვინმე სხვა? წამოვედი. წამოვედი კი არა ინერციით დავგორავ. ვხედავ ჩემი შვილების პედიატრ,  ნათიას. ისიც ,,შეფუთულია“. მიცნო. ხელს მიქნევს. 
იცის მან ჩემი იმუნიტეტისა და ფილტვების ამბავი... ერთხელ უკვე გადამარჩინა სიკვდილს. მოკლედ, ტესტი ჩავაბარე... უკაცრავად და, ნაცნობობით.
ისევ ზარი ტელეფონზე.  ერეკლე:
- დეე, სამოქალაქოში მინდა ,,პოვერ - პოინტში“ აწყობილი სლაიდი, პირბადის ტარებაზე.
ისევ გამოვიქეცი სახლში.  ახლა სამოქალაქოში ,,ვიმეცადინე“... კოვიდის თემაზე გადავუგზავნე სლაიდი. ერეკლეს უკვირს, უსიტყვოდ რომ ვუსრულებ დავალებებს, მაგრამ ზეკეთილი ვარ ეს დღეები და არავისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ მაქვს.

დღე მესამე:

დილის 8 საათი: მომდის ნათია ექიმის მესიჯი: 
-	ნინ, როგორ ხარ?
-	არ ვიცი...
არ ვეეუბნები, რომ ხელები და ფეხები დამიბუჟდა. სიმძიმე მაქვს ფეხებში და მოძრაობა მიჭირს. მომცა ლაბორატორიის ნომერი, პასუხის დროზე ადრე გასაგებად. ვეღარ ვითმენ, როგორც იქნა, გახდა ათი საათი, ვრეკავ და...
- სიხარულო, დადებითია, 112 - ს დაურეკე და კოვიდის მართვაში დაგეხმარებიან.
ვურეკავ გოგას, ის არის ჩემი 112.:
- დადებითია, გოგა...
- უარყოფითია!!! - მპასუხობს, იქნებ ეშლებათ?!
- გოგა, დადებითია...
უკვე ნამდვილი 112. ლოდინი. ლოდინი. ექიმი. სისხლის ანალიზები. ისევ ლოდინი. ანალიზის პასუხით შეშფოთებული. ექიმი და მოსაწყენი და დამთრგუნველი სატელეფონო საუბრები:
- სასწრაფოდ გადასაყვანი ხარ, კლინიკა გჭირდება.
მოდის სასწრაფო, მაგრამ საავადმყოფოებში ადგილი არ არის...
ამასობაში სულ გამიბუჟდა სახე, ენა, ვეღარ ვაზროვნებ, გაბრუებული ვარ, თითქოს კასრში ვზივარ, ბუყბუყებს ირგვლივ ყველაფერი. თითქოს ავად არ ვარ, მაგრამ არც კარგად ვარ. გამუდმებით ჩამესმის ხმა: ,,საავადმყოფოში უნდა წახვიდე“...  ,,მოკვდები“...  ,,მოკვდები“...


დღე მეოთხე: 

გამოჩნდა ადგილი საავადმყოფოში, მაგრამ სასწრაფო არ მოდის. ვერ მოდის. უსაშველო რიგებია კლინიკების ეზოებთან. ლოდინი. გაურკვევლობა. 



დღე მეშვიდე: 

მესამე დღეა, გორში ვარ, სამხედრო ჰოსპიტალში მომათავსეს. ეს დღეები წერის განწყობაზე არ ვიყავი. ზოგჯერ სუნთქვა მიჭირს, დაბალი სიცხე და მაღალი წნევა მაქვს.
მესენჯერი სავსეა წერილებით და ვერ ვახერხებ პასუხების წერას. 
- ეგე, გორი თუ არაფერია, ,,ტეტიკო“, მირეკავს გიორგი ხორბალაძე ... აკი მოასკდი გორსა ... 
ჩვენ, ლიტ. წრის ორი ქართლელი  დობილ - ძმობილი, ,,ტეტიკოებს“ ვეძახით ერთმანეთს, ეს ჩვენი ხუმრობაა. 
ადამიანები ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილნი... ხშირად სიტყვა ყველაზე დიდი მკურნალია.
აი, ნანა, აქ რომ წევს, მაღალი სიცხით მოუყვანიათ, ერთი დღე აღარ ჰქონდა და წუხელ ცოტა მოუმატა... დაიწყო ნერვიულობა.
დავუჯექი წინ და ვუყვები ამბებს, ვლაქლაქებ, ვლაქლაქებ... კაბადოკიამ დააინტერესა... ზუსტად ორი საათი ვუყვებოდი იქაურ ამბებს, ალის თიხის საამქროში საშინელება რომ გამოვძერწე და მთელი ჯგუფი ხოხავდა, მაგაზე ბევრი ვიცინეთ, სულ ხმამაღლა ვხითხითებდით.
გაისინჯა ნანამ სიცხე და აღარ ჰქონდა.
- ნინო, შენ მიშველე ახლაო, - მეუბნება...
ნანა სამხედროა, მე პოეზიაზე ვესაუბრები, ის - ჯარზე. მეუბნება, საუკეთესო მინისტრი ჰყავს ჩვენს სტრუქტურას, ყველას ეიმედებაო, ძალიან მიხარია, ან რატომ არ უნდა მიხაროდეს, კოვიდს ხომ უხდება დადებითი განწყობები.
ეს პაწაწინა ქალაქი - გორი - სამყაროს დედაქალაქი გახდა ჩემთვის.
გუშინ ისე ლამაზად წვიმდა, მე ხომ წვიმა არ მიყვარს და, ვნატრობდი, გამიშვა ეზოში და გუბეებში მატყაპუნა - მეთქი.
ამხელა ჰოსპიტალში სრული სიმშვიდეა... დინჯად დადიან შეფუთულები. გავლა - გამოვლაზე ფანჯრიდან ხელს მიწევენ, აწეულ ცერს... ფანჯარა სულ ღიაა. 
ჩემი ფანჯარა შიდა ეზოს გადაჰყურებს. მზის მხარეა, დღეს მზემ გამანებივრა. 
ჩემი ქვათახევი ახლა ნარინჯისფერშია... თხილიანს რომ გასცდები, წიფლების რიგი იწყება... რა ბედნიერი ავუყვებოდი... 

P.S. ორმხრივი პნევმონიის ფონზე ვწერ ამას. მშვიდობა ყველას.



დღე მერვე:

ლობიოდან - თევზამდე.
ინფექციურ განყოფილებაში ვწევარ. ჩვეულებრივი ჩეხური ერთოთახიანია. მისაღები, საძინებელი, აბაზანა - ტუალეტი. გაწკრიალებულია ყველაფერი. თბილა, თუმცა ფანჯარა სულ ღიაა. აქ ყველაზე ძვირფასი  და პაციენტებისგან მოთხოვნადი არის ფაერი. სადილ - ვახშამს წინა ოთახში გვიტოვებენ, გავდივართ და შემოგვაქვს. დღეს კონტეინერს ავხადე თავსახური და ჰოიი საოცრებავ!!! თევზიი! დავასკდი ცხვირით! აშკარად, ,,თევზის სუნად ყარს" 
- ნანა! ნანა! - ვუყვირი!
- ნიი, რა იყო, სუნთქვა გიჭირს? 
- არა, ნანა, თევზიი!!!
ცრემლები მომდის...
ნანა გაოგნებული მიყურებს.
- აბა, შეისხურე შენი დეზადორანტი, ნანა! - ვეხვეწები...
ნანამ მომიტანა დეზადორანტი... ,,ფშკ" და...
სურნელია!!!
სურნელია!!!
- ნუ ტირი, ნინ, კარგად იქნები. კარგად ვიქნებით!
ჩანთაში ,,Femme“  ჩამრჩენია, ამ წუთას ჩემ კვადრატში ვმოძრაობ ,,ბოსსმიპკურებული“ და რუსუდან ზვიადაურისა და ჩემ ,,ციციკორეს" ვუსმენ...
აბა, თქვენც სცადეთ?! ამ სიმღერას ჩაწერა უნდა... გამოვალ და ჩავწეროთ, რუსო.
ბედნიერების ცრემლები გისურვეთ ყველას! მზეს მიეფიცხეთ.


დღე მეცხრე:

დღეს პირველად მომინდა, სარკეში ჩამეხედა. დაფეთებული თვალები სადღაც გამქრალან. ოდნავ დაღლილი, მაგრამ იმედიანი ,,თაფლაკვერები" მიმზერენ სარკიდან... თაფლაკვერებზე შოკოლადი გამახსენდა... შოკოლადზე - ყავა.
გუშინ ნობათი მივიღე, გიორგის გამოგზავნილი... ციტრუსები, იოგურტი და ყავა... მერე იაკომ დამირეკა, გადმოიხედეო, ძლივს ავდექი, ვენაში სისტემა მედგა, გადავიხედე და ყურებამდეგაცინებული დგას იაკო, აქაც მომაგენი - მეთქი? სასაცილო სელფები გადავიღეთ. ახლა ჩანთას შემოგიტანენო... შემოიტანეს შოკოლადების მთები... 
მოკლედ, ახლა ავდგები და ყავას მოვიმზადებ. აღარ მახსოვს, ბოლოს როდის დავლიე... 
ვიცი, ბევრ ოჯახში განსაცდელია - ამ ჯანდაბის გამო, მინდა ყველას მოვეფერო, ფსიქოლოგიური კალენდარი ირთვება ამ დროს... დღეებს თუ აჯობე სათითაოდ, ჯამში გამარჯვებული ხარ.
ერთ რამეს დავაკვირდი და ჩემმა ძველმა მსმენელმაც მითხრა, თუ ნერვებს ავყვებით, სუნთქვა სწორედ მაშინ გვიჭირს... ამიტომ სადღაც მოუსავლეთში გავუშვი ნერვიულობა.
სიცხე მომცა და დამამშვიდებელი დავლიე... ცოტა ხანში აღარ იყო... სიცხე. 
ექიმები, ექთნები გმირები არიან. შემოდიან, გვესაუბრებიან, გვამშვიდებენ... 
ნელი ჯავახიშვილი - განყოფილების უფროსია, ყოველდღე მოდის. საოცარი მოსაუბრეა, ტკბილი, დღეს რომ შემოვიდა, გული მქონდა აჩქარებული, რომ გავიდა - თავს კარგად ვგრძნობდი.
სიტყვის ძალის კიდევ ერთხელ ვირწმუნე. სიტყვაა ჩვენი ჟანგბადი, სიტყვაა ჩვენი მაცოცხლებელი, სიტყვაა ჩვენი იმუნიტე
p.s გვერდით პალატიდან კაცის სიმღერა ისმის...
,, გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის" - გაუმჯობესებული ვარიანტი!!!

დღე მეათე:

ცნობილ ძილისგუდას დილით ადრე რომ გეღვიძება, ესეც ახალი რეალობის შედეგია. ბედნიერი იღვიძებ, ცოცხალი  რომ ხარ... 
გონებაში ჩანიშნული გყავს კოვიდ - მეგობრები. ყველას ამბავი უნდა მოიკითხო. ეს კიდევ სხვა კავშირია, რაღაც ამაღლებული, ერთმანეთისადმი მოკრძალებული პატივისცემა, სიბრალული, თანადგომა... სამყაროს ყველა სიკეთე რომ შეაერთო - რაღაც ხომ უნდა დაარქვა? - ამ წუთას არაფერი მახსენდება, მაგრამ სწორედ ეს რაღაც ჰქვია ამ ურთიერთობას და ის უცილობლად... ღვთის სიტყვაა. 
ასევე ადამიანები, ვისაც არ იცნობ, მაგრამ მათ გაგიცნეს და შენი გამოცდილება სჭირდებათ...
სიმპტომებსა და მდგომარეობაზე, შეგნებულად არაფერს ვწერ... იმიტომ, რომ ყველასთან ინდივიდუალურია... აი, მაგალითად, მე და ნანა... როგორც ირკვევა, თითქმის ერთ პერიოდში დავინფიცირდით და აი, აქაც თითქმის ერთნაირად ვმკურნალობთ... ის სხვანაირად არის, მე სხვანაირად... ხან კარგად ვგრძნობთ თავს, ხან შეუძლოდ... მაგრამ რიგრიგობით და ესეც კარგია, ერთმანეთის ფსიქოთერაპევტები გავხდით. 
გუშინ გორელმა ჟურნალისტმა მთხოვა, დამეწერა, რას ვურჩევდი კოვიდით დავირუსებულებს...  დღეს უკვე მთელი განყოფილება კითხულობდა. დავწერე, იმ წუთას რაც გამახსენდა...
აქ დავამატებ: 
- ნუ დამალავთ, რომ კოვიდი გაქვთ. რადგან ეს სირცხვილი კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა. რეალურად, თქვენ დახმარება დაგჭირდებათ... და ამის გარეშე ვერ გაივლით რთულად ემოციურ გზას. დაგჭირდებათ ექიმების, მეგობრების, ახლობლების, ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა... და ამას უფალი აუცილებლად მოგანიჭებთ. 
გწამდეთ, მარტო არ დარჩებით....
მერე... მერე თქვენ იქნებით სხვებზე მზრუნველი... ეს არის აქ მთავარი.
ამ დროს ჩვენს აურთიერთობებში ჩნდებიან გმირები.
ჩემი ამბის გმირებს ჰქვიათ ეკა, დავითი, იაკო, გიორგი, დიანა, ნუკი, ლიკა...
რაც იმას ნიშნავს, რომ სულ სიყვარულის ვალში ვიქნები მათთან...
p.s ქადაგებას და ვიდეო ჩანაწერს ვუსმინე ათი კეთროვანის განკურნების შესახებ... შთამბეჭდავად დამაფიქრებელია. მადლობა უფალს.
ყველას მადლობას გწირავთ ჩემთვის დათმობილი თითოეული სიტყვისთვის.




დღე მეთერთმეტე:
წუხელ თავსასთუმალთან ანგელოზი ჩამომიჯდა და მიჩურჩულა:
ყველა ადამიანი, ვინც ამ განსაცდელისჟამს შენამდე მოვიდა, უფლისგან იყოო...
სახლში ვარ. გოგამ წამომიყვანა. ლიკამ აბრეშუმის ულამაზესი შარფი გამომიგზავნა, ფერადია, მაგრამ რომ დახედავ, ყვითელი ფერი მოდის წინ, სითბოსა და მზის ფერი. 
ავდგები და დილით ღომს შემოვდგამ. ისეთს ვერასდროს ვაკეთებ, გაგრაში რომ მოგვიკითხავდნენ ხოლმე მეზობლები, მაგრამ მაინც ვცდილობ. რამ გამახსენა გაგრა? ბავშვობის ზაფხულები ხომ იქ გავატარე. პაპაჩემი, ლევან მოდრეკილაძე, გეოლოგი იყო. თერმულ წყლებზე მუშაობდა. აფხაზეთის ომამდე, რამდენიმე წელი, გაგრაში ცხოვრობდა. გაგრის ბალნეოლოგიურ სამკურნალო დაწესებულებაში სამკურნალო წყალი დაიკარგა და პაპამ ხელახლა აღმოაჩინა. მახსოვს, იქვე რესტორანი ,,წისქვილი“ იყო. რა იქნება, ახლაც ჩამსვა იმ ქაფქაფა გოგირდის წყალში და მაყვირა, უფ, ცხელია, ცხელია - მეთქი, იქნებ ყველა ტკივილი გამქრალიყო... 



კოვიდდადებითი

როცა ცხოვრებამ
ჩემი სისხლის ჟელატინებში
უმისამართო გემით სცადა გასეირნება,
თვალის გუგებში გაიღვიძა სულის ყვავილმა,
უღონოდ მშვიდმა,
თეთრმა და ბროლის...
უსუსტეს ხელის უფრო სუსტი მოძრაობებით
ტალღებს მივენდე - 
ათიათას შტორმში გამოვლილს,
რეცეპტორების და ლიგანდების
მატროსებიც
იქვე შფოთავდნენ.
ეს იყო აღარც მოგზაურთა გასეირნება,
არც შესვენება დიდ კრუიზში...
დამღლელად გრძელი...
ეს სახელების გადარქმევის გაცურვა იყო.
გამოდიოდნენ გემსცენაზე
თითოდ და წყვილად...
თავს დამიკრავდნენ და მეტყოდნენ, -
შევხვდებითო სხვა მდინარეში.
იმ მდინარეში, სხვა დინება გველის, ცხადია,
თუნდ ზევით - ზევით...
მაღლა - მაღლა ავყვეთ ქვიანებს,
ოღონდ ვისწავლო - 
წუთისოფელს როგორ დავუსხლტე - 
ვით გამბუზიას,
ქვირითებით მოპურმარილეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი