კოკო
თუთიყუშების მოყვარულთა ჯგუფში უცნობმა დაწერა, დედალი სცემს მამალს და არავის გინდათ, იყიდეთ, თორემ მომიკვდებაო... ჯერ ის წარმოვიდგინე, დედალი როგორ სთეთქვამს საწყალ მამალს, რა გულსაკლავად იქნება - მეთქი აბუზული... მადლიც არის ამ თუთოს ყიდვა, გათავისუფლდება ტირანი საცოლისგან... იდეაში, ხომ ამიტომაც დააწყვილეს... მაგრამ ვერ მოგართვით, არ უნდა და არ გაიკარა გოგო - თუთიკომ. კაცმა რომ თქვას, რა უნდა დაუწუნოს თუთიყუშმა - თუთიყუშს?! ფერი? სიმსუქნე? კუდის სიგრძე? ნუ, კარგი, ,,პინგვინი", შესაძლოა, არ მოეწონოს კოხტად გაწკეპილ საპატარძლოდ გამზადებულ გოგო თუთოს, მაგრამ ჯანმრთელსა და ლამაზს რაღას ერჩის?! ამის თქმის საფუძველს განცხადებას თანდართული ფოტო მაძლევს, ცისფერი, მშვიდი, თვინიერი, გრძელკუდა და მოვლილი, ნაპატიებია, აშკარად... ეს დაჩაგრულა, ესა. მერე ისიც გამახსენდა, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ჩვენი ჯანმრთელი, საღსალამათი კოკოც მოგვიკვდა... ხან რა მიზეზი მოვიგონეთ, ხან - რა, თავები რომ დაგვედანაშაულებინა, ფაქტი კი ის არის, ჭიკჭიკი რომ ვეღარ გავიგეთ, ვნახეთ და აქეთობას აღარ იყო. მერე მითხრეს, ტირილზე შეიძლება იდარდა და გული გაუსკდაო. მივწერე განცხადების ავტორს, უკაცრავად, ბატონო, რა ჰქვია თქვენს თითიყუშს - მეთქი... - კოკოო... ვახ, ვფიქრობ, ნამდვილად ვალში ვარ, ესეც კოკო, ესეც ცისფერი. უთუოდ უნდა შევიძინო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვაბრძანე. გენერალური დასუფთავება ჩავუტარეთ აპარტამენტებს. სარკეები, ზარები, გასართობი სათამაშოები, კიბე - ქანდარები... მარტო უნდა იჯდე და იცხოვრო. ეს კიდევ? - ზის გაბეყილი. არცა ჭამს, არცა სვამს. აშკარად, იმ კაწაწს მისტირის. მშრალი შიმშილობის ერთი დღე რომ დასრულდა, გალიასთან ჩამოვუჯექი და ვეუბნები: - კოკო, ჩემი თვალით მაინც არ მენახოს, როგორ გაბულინგებდა ის ,,აფთარი"... საძინებელში არ გიშვებდა, არ გაჭმევდა, გვერდებს გითეთქვამდა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დაგწყდეს, ის მხიარული ბავშვები არიან, გასაყიდად რომ არ ემეტებოდი... ხვალეც თუ არ გიჭამია, იცოდე, მიგაბძანებ უკან! იყავი მერე ორომტრიალში! გალიაში წესრიგი ვერ დაამყარე და აქეთ მეჯგიმები? აა, ისიც ვუთხარი, მადლობელი არა ხარ, სოფლიდან - ქალაქში ჩამოგიყვანე - მეთქი... დავანამუსე, თორემ რა სოფლიდან, აქვეა სოფელი გლდანი, ჩვენი კორპუსები გადაჰყურებს . 3 დღე ნისკარტი ასავსავა. დარდით აღარ ვიყავი. დღეს რაღაც უცხო ხმები მაღვიძებს. ნახევრადმძინარემ მივაყურადე - გარედან ჩიტების ჟღურტული ისმის, ვაჰ - მეთქი, თებერვალს მოჰყავს უკვე გაზაფხული და ჟღურტულები, წუხელ კი ავობდა და ქარს დააწოწებდა, მაგრამ დღეს, აშკარად, მზე გამოვა - მეთქი... გუშინ ახმეტელზე ყოჩივარდებსაც მოვკარი თვალი... მცხეთისა თუა - მეთქი, კი გავიფიქრე, აბა, ჩემთან მთაᲨი, სულ ბოლოს ამოკისკისდებიან ხოლმე ქვათახევის ყოჩივარდები... ვახ, სახლშიც რომ ჟღურტულია?! - კოკო მღერის თავგაკლული... ჰმ, ნაცნობი ხმა... თითქოს ძველი კოკო მობრუნდაო. გავედი და ეს ახალიც ძველივით ზის და ჭიკჭიკით აკნატუნებს საკენკს. სიკეთის დღე! გავიღვიძეთ, გათენდა. მე ისეთი დედა ვერ ვარ, დედაჩემი რომ იყო. ვერ გაიგებდი, როდის დგებოდა, როდის წვებოდა, როდის ჭამდა, ან თუ ჭამდა საერთოდ. ყოველთვის ბავშვები მასწრებენ გაღვიძებას. მეტსაც გეტყვით, დაპურებულები მხვდებიან. ტრადიციული, დიდი ოჯახი ვართ. სამი თაობა ერთ სახლში, ასე, რომ ჩემ შვილებს, ჩემი შვილიშვილებისგან განსხვავებით, ძალიან გაუმართლათ - სახლში ბებო ჰყავთ, იმერელი ქალბატონი, ნამდვილი ჯადოქრია გემრიელი სადილ - ვახშმის მზადებისას. ერთი სიტყვით როგორ გაგაცნოთ? რომ ვიტყვი: ,, აი, ახლა ავდგები, კარტოფილს შევწვავ“, - მოვიხედავ და მაგიდაზე დგას შემწვარი კარტოფილი... უფრო მეტიც, დილით ხინკალს მოუხვევს ბავშვებს, გემრიელად აქეიფებს და ისე გაუშვებს სკოლაში... ხაჭაპურისა და ლობიანის გემოებზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი რძალი რომ გახდი, გული გამისკდა, ისეთი გამხდარი იყავიო, ჰოდა, კი მომასუქა აგერ, ცალკე დედამთილმა და ცალკე კარანტინმა. მოკლედ, ვიღვიძებ თუ არა, წნევის მარეგულირებელს ვსვამ. არა, ასაკში ჯერ არ ვარ, უბრალოდ, კორონა ვირუსისგან დატოვებული ,,საჩუქარია“ ეს. ჰიპერტონიკი გავხდი, იმედია, დროებითია, თორემ წნევის გასინჯვაზე სახლში დიდი რიგია ხოლმე. წამლის მერე ყავის დროა. ყავას არ ეღალატება. ამ დროს ეკა მირეკავს: - გოგო, ადექი, ყავა მოამზადე და გადმოვრეკავ. მესენჯერში დალეულ ყავას რა გემო აქვსო, ვინმე იკითხავს, თქვენ წარმოიდგინეთ და არც ისე ცუდია. ის იქიდან მოკალათდება, მე - აქედან, ვსვამთ ყავას, ზოგჯერ ვილუკმებით კიდეც და ვჭორაობთ. საჭორაოს რა გამოლევს, სულ რომ არაფერი ხდებოდეს, იმდენი გასახსენებელ - მოსაგონარი გვაქვს... მე და ეკა სტუდენტობიდან ვმეგობრობთ. 20 წლის წინ საუკეთესო მეგობარი გამოგვაკლდა, ნინო ფალიანი... მას მერე ყოველ წელს პარაკლისს ვუხდით დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში. ახლაც, თებერვალში 21 - ე წელი შესრულდება, რაც ეს საშინელი ამბავი მოხდა... ვგეგმავთ, როგორ მოვიქცეთ, ტაძრის მერე პატარა ტაბლას ვუკეთებთ ხოლმე. ამასობაში პირველი საათიც გამხდარა. გაკვეთილების დრო მაქვს. მეტყველების გაკვეთილებს ვატარებ. ვიღლები, ვიფიტები. ენერგია სჭირდება ბავშვებთან მუშაობას. მითუმეტეს, რაც ვირუსი გადავიტანე, უფრო მალე ვიღლები. საღამოს კი ონლაინ - ტრენინგს ვატარებ. ასე გრძელდება ყოველდღე. ახლა კოკოც დამემატა. ლაპარაკი უნდა დავაწყებინო. გეტყვით, რა სიტყვებსაც ისწავლის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი