1994
თუ ოდესმე ჩემი წიგნის ფურცლებს ვინმე გადაშლის, მინდა, თითოეულმა სიტყვამ მის გულამდე მიაღწიოს. მინდა, ამ ფურცლებზე მხოლოდ ამბები კი არ წაიკითხოს, არამედ იგრძნოს ისიც, რასაც მე მაშინ ვგრძნობდი — პატარა გოგო, რომელსაც ჯერ კიდევ არ ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო ის დღეები, რომლებიც ასე ჩვეულებრივად ეჩვენებოდა.მე არ ვარ პოეტი. არც იმის ამბიცია მაქვს, სიტყვები სწორად დავალაგო, წინადადებები უნაკლო იყოს და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ გამეპაროს.ახლა ჩემი ცხოვრების დღეებს ეხები.ვწერ… და ნელ-ნელა ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში. მივუყვები მოგონებების ბილიკებს, ვაღებ წლების წინ ჩაკეტილ კარებს და ისევ იმ სამყაროში ვხვდები, სადაც ყველაფერი პირველად დაიწყო. ვიცი, ზოგიერთი ისტორია გულს მატკენს, ზოგი სევდას შემომაპარებს, ზოგიც იმ ადამიანებსა და დღეებს გამახსენებს, რომელთა დაბრუნებაც აღარასოდეს იქნება შესაძლებელი. ალბათ, იქნება ისეთი მოგონებებიც, რომელთა გახსენებასაც დიდხანს გავურბოდი. დაღლილ ფურცლებზე ვწერ, იმ ფურცლებზე, რომელთა კიდეებიც უკვე გაცრეცილა, თითქოს მათაც ჩემსავით ბევრი ზამთარი გამოევლოთ. კალამს მელანი ელევა და ზოგჯერ ასოები შუა სიტყვაში წყდება. ვაწვები, იქნებ კიდევ წამოვიდეს რამე, იქნებ ბოლომდე მიმატანინოს სათქმელი, სანამ ეს უკანასკნელი წვეთიც არ ამოიწურება. გარეთ ბნელი და ცივი ოთხმოცდაათიანებია. სიბნელე ფანჯრის მიღმა არ მთავრდება. ის კუთხეებში ჩამომჯდარა, ძველი კარადის თავზე შემოხვეულა,მაგრამ, უცნაურია, ამ სიბნელეშიც არის რაღაც ისეთი, რაც გიზიდავს. მოგწონს ეს ფერებიც, ეს სიმყუდროვეც, ეს დრო, რომელშიც თითქოს აღარაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყველაფერი ძვირფასია. თითქოს სულ გინდა, დარჩე იქ, სადაც ხარ, და კიდევ ცოტა ხანს არ გამოხვიდე ამ მოგონებებიდან. მე რა ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი და ერთ დღეს ამ შავბნელ ოთხმოცდაათიან წლებს ასე მხურვალედ მოვინატრებდი? რომ ასე მომინდებოდა გულში ჩამეკრა ყველა ის მოგონება, რომლებიც წლების განმავლობაში სადღაც, მეხსიერების მივიწყებულ კუთხეებში იდო და ახლა ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით, ზედაპირზე ამოტივტივდა. იატაკის ნაპრალებში შემძვრალა და კედლებიდანაც კი სიცივე ჩამოუშვია. სახლში ყველაფერი თავისებურად დუმს. მხოლოდ სანთლის ალი ირხევა ხანდახან, თითქოს მასაც ეშინია ამ სიბნელის და ცდილობს, ბოლომდე არ შეიმჩნიოს საკუთარი შიში. ეს სანთელიც დაიწვება. მერე მე რას ვიზამ? თვალს ვერ ვწყვეტ მის ალს. ვუყურებ, როგორ ილევა ნელ-ნელა, როგორ ჩამოდის გამდნარი ცვილი და როგორ მცირდება სინათლე, რომელიც ახლა მთელ ჩემს სამყაროს იტევს. თითქოს ამ პატარა ალზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ, დავინახო ჩემი ხელები, ფურცლები და ის სიტყვები, რომლებსაც სიბნელისთვის ვერ ვიმეტებ. ნავთი სად ვიშოვოთ ლამპისთვის? ეს კითხვა ისე ჩვეულებრივად ტრიალებს თავში, თითქოს სხვა საზრუნავი არც არსებობდეს. თუმცა იმ წლებში ზოგჯერ სწორედ ასეთი კითხვები იყო ყველაზე მძიმე. ნავთს მშობლები იშოვიან, ეს კი ვიცი, მაგრამ ალბათ სადმე, ქირით მუშაობა მოუწევთ. თან ზამთარია, სიცივეა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაფიქრებს. ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვამჩნევ, რომ გონებაში ყველაფერს მეტისმეტად ვაფერადებ. ზოგჯერ ფიქრი რეალობას გვაშორებს და ისეთ სურათს გვიხატავს, რომელიც შეიძლება სინამდვილეში სულაც არ დაგვხვდეს. ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ეს მაფიქრებს — ის, რომ ჯერ არაფერი ვიცი ზუსტად, მაგრამ გონებაში უკვე ათასგვარი სცენარი მაქვს გათამაშებული. აქედან ყოველი გადაფურცვლა მხოლოდ ამბის გაგრძელება აღარ იქნება. ეს იქნება ჩემი წარსულისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი — იქ, სადაც დარჩა ბავშვობის ხმები, ადამიანების სახეები, სიხარულიც და ის სიჩუმეც, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებენ. ამიტომ, ნელა იკითხე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი