1994
ეზოს ბოლოში, სადაც ჩემი პატარა გვიმბრის სახლი მქონდა აშენებული, უცნობი კაცის ხმა მომესმა. ისეთი ხმა იყო, რომელიც იმ ეზოს ხმაურში, ნაცნობ ადამიანებსა და ყოველდღიურ საუბარში, მაშინვე გამოირჩეოდა არსაიდან ნაცნობი და მაინც რაღაცნაირად მშვიდი. მდიდრულად გამოწყობილ კაცს ჰგავდა ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს მის ცხოვრებას არასოდეს შეხებია გაჭირვების უხეში ხელი. მის ტანსაცმელზე ყველაფერი თავის ადგილზე იყო: ქსოვილი, ფეხსაცმელი, საათი… თითქოს თითოეულ დეტალს თავისი ფასი და მნიშვნელობა ჰქონდა. არ მიყვარს მდიდრები. არა იმიტომ, რომ მათი მშურს. შური სხვა რამეა და მე არასოდეს მდომებია სხვისი ქონება. უბრალოდ, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ზოგიერთ მათგანს აღარ შეუძლია გაიგოს ჩვეულებრივი ადამიანის სევდა — ის უხმო სევდა, რომელიც ზოგჯერ ჯიბეში დარჩენილი რამდენიმე მონეტიდან იწყება, ზოგჯერ კი ცარიელი მაგიდის, გადაუხდელი ვალის ან შვილისთვის ვერ ნაყიდი რაღაცის წინაშე დგება. ყველაფერი აქვთ… მაგრამ საიდან აქვთ? ნუთუ ჩვენზე მეტი იშრომეს? ნუთუ ჩვენზე მეტი იტანჯეს? ნუთუ იმაზე მეტი ისწავლეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარეს და მაინც ძლივს გაჰქონდათ თავი? ფიქრი ფიქრს დაედევნა და ვეღარ გავჩერდი. იქნებ ვცდებოდი კიდეც. იქნებ ადამიანის ჩაცმულობა მის ცხოვრებას ვერასოდეს მოგიყვება ბოლომდე. იქნებ იმ ძვირფასი პერანგის ქვეშაც იმალებოდა ისეთი გული, რომელსაც ერთხელ მაინც უტირია ჩუმად, ისე, რომ არავის დაენახა. მაგრამ იმ წამს ამას ვერ ვიფიქრებდი. მხოლოდ მდიდრულად გამოწყობილ კაცს ვუყურებდი და ჩემი ცხოვრების ყველა უსამართლობა უცებ ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდა მეხსიერებიდან. ინტერესმა ჩემი თამაშიც კი შემაწყვეტინა და ჭიშკრისკენ გავიხედე. ბაბუაჩემმა ნელი ნაბიჯით გაიარა ეზო. უცხო კაცმა მისი დანახვისთანავე ქუდი მოიხადა და ჭიშკრის მოაჯირს ჩამოეყრდნო. — იურის გაუმარჯოს, კარგ კაცს. იმ დროს უკვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი სოფელში მხოლოდ ოჯახის წევრი არ იყო. მის სახელს ომის წლებიც მოჰქონდა თან. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და იმ თაობის კაცი, რომლის ცხოვრებაც პირად მოგონებებზე ბევრად დიდ ისტორიას ატარებდა. სოფელში მას პატივს სცემდნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომი ჰქონდა გამოვლილი, არამედ იმიტომაც, თუ როგორი ადამიანი დაბრუნდა იქიდან. ბაბუამ კაცი ეზოში შემოიპატიჟა. მე ცოტა მოშორებით ვიდექი და თითქოს ჩემს თამაშს ვაგრძელებდი, სინამდვილეში კი მათი საუბრის თითოეულ სიტყვას ვიჭერდი. ნელ-ნელა მივხვდი, რისთვის იყო მოსული. კაცი მეზობელი სოფლიდან ჩამოსულიყო. ჩვენი სახლის ბიბლიოთეკა სურდა. სანაცვლოდ კი ერთ მეწველ თხას სთავაზობდა. ეს რომ გავიგე, ცოტა ხანს საერთოდ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩემთვის იმ ასაკში თხას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა , ცოცხალი არსება იყო, რძე ჰქონდა, ოჯახს გამოადგებოდა. წიგნი კი უბრალოდ წიგნი იყო,ქაღალდის ფურცლები, ყდა, ასოები, ისტორიები, რომლებსაც საღამოობით ვკითხულობდით ან ბაბუა გვიკითხავდა. იმ კაცისთვის კი ეს გაცვლა, ალბათ, არც ისე უცნაური იყო. გაჭირვებას თავისი ეკონომიკა აქვს.როცა ყოველდღიური ცხოვრება ადამიანის არჩევანს ავიწროებს, ნივთებიც სხვა მნიშვნელობას იძენენ. რაც ერთისთვის სულიერი ფასეულობაა, მეორისთვის შეიძლება უბრალოდ აუცილებლობის საგნად იქცეს. ბაბუამ კაცს ბოლომდე მოუსმინა. არც გაკვირვება გამოუხატავს, არც წყენა. უბრალოდ, მშვიდად უთხრა უარი. კაცი თავაზიანად გაისტუმრა და ჭიშკარს გასცდა. მე კი იმ წუთას პირველად ვიგრძენი, რომ ბაბუაჩემის გადაწყვეტილება საერთოდ არ მესმოდა. ჩემში რაღაც პატარა, ბავშვური ამბოხი გაჩნდა. ნუთუ წიგნი მართლა თხაზე მნიშვნელოვანი იყო? თხა ხომ რძეს მისცემდა ადამიანს. შეიძლებოდა შვილებისთვის საჭმელი გამხდარიყო, ოჯახს ყოველდღიურობაში დახმარებოდა. წიგნი კი რას შეცვლიდა? მშიერ კაცს გვერდით დაუდგებოდა? ზამთარში გაათბობდა? პურს გამოაცხობინებდა? მაშინ არ ვიცოდი, რომ არსებობდა ისეთი შიმშილიც, რომელსაც პურით ვერ დააკმაყოფილებ. არ ვიცოდი, რომ ადამიანს ზოგჯერ არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონებისა და სულის გამოკვებაც სჭირდება. ჩემთვის ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთმანეთში არეული სამყაროს ნაწილები იყო — სადაც თხას თავისი ფასი ჰქონდა, წიგნს კი მე მხოლოდ მისი გარეგნული არსებობით ვაფასებდი. ბაბუა კი თითქოს სხვა საზომით ცხოვრობდა. მისთვის ის ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების გროვა არ ყოფილა. ალბათ, თითოეულ წიგნში ხედავდა დროს, ცოდნას, ადამიანების გამოცდილებას, იმ ყველაფერს, რაც ერთ თაობას მეორეს გადასცემს და რაც, ერთხელ დაკარგული, ყოველთვის აღარ ბრუნდება. წლების შემდეგ, როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ვფიქრობ, იქნებ იმ კაცს არც არაფერი დაუშავებია. ის თავისი მიზნებიდან მოდიოდა და თხა მისთვის რეალური შესაძლებლობა იყო. წიგნები კი, ალბათ, ერთადერთი რამ იყო, რისი ფლობაც უნდოდა და რისთვისაც იმ მომენტში თავისი ყველაზე ძვირფასის შეთავაზება შეეძლო. მაგრამ ბაბუამ იცოდა ის, რაც მე მაშინ ჯერ ვერ ვიცოდი — ყველაფერს თავისი ფასი აქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ღირებულება არა. იმ დღეს წიგნები ჩვენს სახლში დარჩა. მე კი ბაბუაჩემის პასუხი გულში წამოვიღე ჯერ როგორც გაუგებარი გადაწყვეტილება, მერე როგორც კითხვა, და ბოლოს, მრავალი წლის შემდეგ, როგორც ერთი პატარა გაკვეთილი ადამიანზე, სიღარიბეზე, ღირსებაზე და იმ უხილავ საზღვრებზე, რომლებსაც ადამიანი ზოგჯერ ყველაზე მძიმე ყოფაშიც კი არ უნდა გადააბიჯოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი