მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი
მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი და წუთით რაა – არ მშორდება ოცნება მზეზე… მე გეუბნები: ლამაზი ხართ შენცა და მიწაც, მაგრამ სულ სხვაგვარ სილამაზეს სივრცეში ვეძებ. და ნაღვლიანობ… და რატომღაც მეძახი მოცლილს, რომ თითქოს ავყევ სიზმარსა და უმიზნო ზღაპარს… მე ხელებს მოგხვევ, გაგაჩუმებ, გკოცნი და გკოცნი და გპირდები,რომ ჩამოგიტან ნისლისფერ კაბას. შენ მიჯავრდები, გსურს დააცხრა ფრთები სურვილებს, მე არხეინად ვაბოლებ და.. გაცვივა ფერფლი… გულმკერდზე ცეცხლად მაწევს შენი თმების სურნელი და მთელი გულით, მთელი სულით, უსაზღვროდ გეტრფი. მე ზევით ვიწევ … შენ მაკავებ, მეწევი ქვემოთ, არც გსურს გაიგო – თუ რად ვეტრფი ზეციურ გვირგვინს და აჰა, ვრჩები, მაგ ბაგეთა მაბრუებს გემო და ყველაფერი, ყველაფერი ირევა ირგვლივ. შენ მართალი ხარ, ვგრძნობ და ვიცი, და მეც ასევე, კიდეც ვშორდებით, ვერც ვშორდებით, და ვართ ამგვარად… ზეცაზე ფიქრიც, შენზე ფიქრიც აღარ მასვენებს და თვით ფიქრებიც დაანგრია დღეთა დგანდგარმა. მთლად უცნაურზე უცნაური სურვილით ვიწვი, დავალ, ვოცნებობ, – ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეზე… და გწყინს, რომ თითქოს მავიწყდებით შენცა და მიწაც, და გწყინს, რომ თითქოს განშორების მიზეზებს ვეძებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი