ფიქრები ლოპიანაზე (ძველი თბილისის ცხოვრებიდან)
ეჰ, ლოპიანავ, კაცის ბედი ორფერი არი, აბა სად შენ და… სად ბრწყინვალე ორბელიანი! ეჰ, ლოპიანავ, ბედი მართლაც ორფერი არი… ღენერალივით არ მიირთმევ დილით ჩაისა, ღენერალივით არ მიირთმევ დილით ყავასა, ცხენის ბეგარას მეც ვიხდიო, ამბობს სარდალი. ყარაჩოხელნო, სამართალი აბა სად არი, იქნებ კიდეც დაგვცინოდეს მეფის სარდალი. დაიბაგუნე მკერდზე მუშტი თავჩაკიდულმა და ღმერთს შეჰყვირე: სამართალი, ჩანს გაყიდულა! …ეჰ, ლოპიანავ, ცხოვრება ხომ ორფერი არი! დაიცა, მერე გაგიხსენებს ორბელიანი… ორბელიანი გოლოვინზე აივლიდა რა, მანდილოსნები ხელს უქნევდნენ აივნიდანა… გრიგოლ, უშველე, აგრემც მამის სული გიცხონდეს, გრიგოლ, უშველე, აგრემც დედის სული გიცხონდეს ლოპიანაც ხომ კაცი არი… უნდა სიცოცხლე… გრიგოლ, უშველე, აგრემც დედის სული იცხონე, …ორბელიანმა კავშა ცხენი მოაჯირითა და ქალწულები გადმოქანდნენ მოაჯირიდან… …ეჰ, ლოპიანავ, ბედი მართლაც ორფერი არი, აბა სად შენ და… სად ბრწყინვალე ორბელიანი! ღენერალივით არსად გიდგას დიდი ქარვასლა… ერთხელაც ბოღმა მოდიდდა და… გულშივ ჩაიქცა; ერთხელაც გსურდა დაგემტვრია ორთაყვირები და ჯავრიანმა დაშლილ ტივზე მორთე ყვირილი… ჯავრიან გულზე, ლოპიანავ რა გემღერება, ჯავრიან გულზე ნუ შეხვდები მეფის ღენერალს. ეჰ, ლოპიანავ, შენაც გსურდა სახლში ფარჩები და ცოტა რამეც,ზოგი რამეც, სხვაც დანარჩენიც… მაგრამ ვერ შესძელ,ცხოვრება ხომ ორფერი არი. შენი ქონება მტკვარია და… მწარე ბოლოკი, ჯავრიან გულზე დაგიცლია ღვინო ბოლომდის… ჯავრიან გულზე შეგაგინა ვიღაც ოხერმა და ჩააფარე ერთიც გულის მოსაოხებლად. ჯავრიან გულზე წახვედი და დათვერ არყითა და შენ კი არა _ ბოღმისაგან გული აყვირდა… ყვიროდი ასე: “ლოთი არა ვარ, ერთი საწყალი ლოპიანა ვარ’’. ყვიროდი ასე: “ლოპიანას გული ცხელი აქვს”, ყარაჩოღელნო, რომ გვპარსავენ განა ცხვრები ვართ? ჰე, მკლავმაგარო ძმაკაცებო, არა გრცხვენიათ?! ყარაჩოღელნო,სამართალი აბა სად არი! ყური დაუგდეთ, რეებს ამბობს მეფის სარდალი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი