1989 წლის 9 აპრილის გამოძახილი
სულს ვერ ვიოხებ იმ ხროვის ლანძღვით, გამივერანდა სუნთქვა და ღვიძლი . . . ვინ მომაჩეჩა ამდენი ღვარძლი, ბზარი გაუჩნდა ჩემს ძილს და ღვიძილს. მივაჩერდები უგონოდ ამ ცას, როგორ უღმერთოდ გამწირა ღმერთმა . . . ამ სისასტიკემ თავზარი დამცა, სანთლების შუქზე ცრემლები ღვენთავს. ხშირად თავისით მეკვრება მუშტი, მკერდზე ბაგუნით თენდება ხვალე . . . რა ეშმაკი ზის იმ ხალხის გულში, მამა_პაპათა სინდისს რომ ხრავენ? ღა სიბრალულით დაჰმზერდა ხომლი, ხალხს რომ არბევდა იმდენი ხეპრე . . . ოღონდაც სიზმრად ვნახულობ ხოლმე, ჩვენი წარსულის სულ როგორ ხვრეპენ. ბევრი ტკივილი და ბევრი ჩეხვა, ახსოვს ჩემს მამულს . . . საოცრად ბევრი . . . და დამნაშავე მე ვარ და შენ ხარ, რომ ვერ შეიკრა ერი და ბერი. რომ ვერ გათავდა ბოღმა და ღრენა და ეს ცრემლები ტკივილის სისხო . . . ვერ გაანათა ასანთის ღერმა და მოწყალებას რატომ და ვის ვთხოვ? სულს უხაროდა სიმწვანე ველთა და რომ მეგონა _ ეს არის დათბა… ამოტივტივდა უეცრად ელდა, _ ძვირფასი ხსოვნა : თამუნა, თამთა. დარი და ჟამი დაუდგათ ყორნებს, ყორანთა ჯიში ჩვენშიაც ბუდობს… წყევლა და კრულვა… ყველას და ყოველს, ვისაც დასჭირდა ეს ბნელი ურდო. გულს ვეკითხები: გულო რა მოგდის, დრო მიდის… ვისმენთ საათის ტიკტიკს… ამ დრეთა რკალში იმდენჯერ მოვკვდი, ცოცხალი რომ ვარ _ ძალიან მიკვირს. არა და არა, გუნდრუკს ვერ ვუკმევ, რაც მძულდა იგი _ მძულს და არ მიყვარს… მაგრამ რაც მოხდა, ის მოხდა უკვე და სულო ჩემო… აწ ფხიზლად იყავ. …ვიღაცას ქალთა ქვითინი ართობს, ვარ მომდურავი ბედის თუ იღბლის… ისაო… ქვეყნის პატრონი ვართო, _ ალბათ კვლავ მოვლენ… ღიმილის ნიღბით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი