მამული როგორც ცრემლი ...


ო, ბექა ბიჭო,
გლოვა გლოვაა,
უფრო მწარეა ერი, რომ გლოვობს!…
იმ ვოლიერში ლომი რომაა,
რაღა ლომია თუ კი ვერ ლომობს.
ო, ბექა, შვილო,
შენ, შენი წილი,
უნდა გაიღო სულიც და სისხლიც…
გინდაც გეხვიოს ცოლ_შვილი წვრილი,
როგორმე უნდა დაასწრო სირცხვილს.
ვაიმე, რაღაც ვერ არის რიგზე,
ყოველდრე ველი ზვავსა და მეწყერს…
ჟამთა სვლა, შვილო,
ამგვარად ვიგრძენ,
ჩემი სიცოცხლე ჰკიდია ბეწვზე.
ათას ურჩხულთან მოგიწევს შეხლა,
მოკვდი…
სინდისს არ განუდგე განზე…
ხვალინდელ დღისთვის, მემკვიდრე შენ ხარ,
მადლობა უფალს, აქამდე გავძელ.
ეს ქარიშხლები თუმცარა მარყევს,
ჯერ არ დავღლილვარ…
საწადელს ვატყობ…
დრო, დრო სჭირდებათ შენნაირ ბარტყებს,
აქ მოდექ,
ფრენას გასწავლი ბარტყო.
დიდი უფალი დაგვყურებს მაღლით,
იგი აგვაცდენს შხამიან ისრებს…
კურთხეულ იყოს ქართველი ხალხი,
ღმერთს შევევედროთ…
უფალო გვიხსენ!
ტყუილად როდი იღვრება ცრემლი,
ტყუილად როდი მოიმღერს ჩქერი…
რა ბედენაა სიკვდილის ცელი,
ოღონდ მოგხმარდეს სიცოცხლე ჩემი.
…სამშობლო _
შენი მამულ_დედული,
უზესთაესი აის_დაისით…
გატანჯულია და უბედური
და როგორც ხატი,
გულზე დაისვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი