დამშვიდობება სამოც წელთან... (ნანა ბაჩიაშვილს)


სამოცი წელი …
სამოცი წელი,
მაგრამ ისევე ნაღველით მწველი.
მაგრამ ისევე
ყაყანი ბაზრის
ისმის ხმაური … ავსებენ კათხებს …
რაღაცა წმინდამ დაკარგა აზრი,
შუაღამემდე ღიაა კაფე.
წამოვიჭრები უეცრად ზეზე ,
ბილიკზე უნდა ავხვეტო თოვლი……
ჩემი ბავშვობის სურვილებს ვეძებ,
ოდეს ხომ ვიყავ იმ ბიჭის ტოლი.
გამქრალან დღენი,
თვეები წლები,
იმ დროის ფრთებიც თავისით გაქრნენ …
შმაგობენ ჩემი დაღლილი ძვლები,
_მძიმე ყოფილა დაშვება თავქვე.
უნდა მედარდნა და კიდეც ვდარდობ,
თუმცაღა ზოგჯერ ნაღველი მშველის …
მოლოცვისათვის ,
მადლობა,
ვარდო,
კურთხეულ იყოს მოლოცვა შენი.
უნდა მეცოცხლა და ვგავარ ცოცხალს;
რაღაცას უცდის მტერიც და მოძმეც! …
მძიმე წუთებში მშველოდა ლოცვა,
და ბედისწერის წამები ვლოცე .
უნდა მენაღვლა და კიდეც ვნაღვლობ,
მეც მადევს ჩემი მსუბუქი ცოდვა …
ტკივილო!
ჩემო ერთგულო ძაღლო,
ცოტა ხანს უნდა მაცადო ცოტა,
ყველაფრისათვის მჭირდება ბიძგი,
თორემ დღეები დასასრულს ოხრავს …
ვარდო!
მოსვლისთვის მადლობას გიძღვნი,
აღარც შენ შეგრჩა ის მიხვრა მოხვრა.
მახსოვს მწვანეში ჩაფლული ეზო,
ამ მოგონებას სათუთად ვუვლი …
ვტირი და ვტირი,
არც უმიზეზოდ
ამიტომ უფრო ჩამკვდარა გული,
იღება კარი შენთვის და ფართოდ,
რაღაცის გამო იბნევა ბარდა …
არ მითხრა ახლა ჩვენ ორნი ვართო,
სხვა არავინო, ჩვენ ორის გარდა.
როგორც წიწილა დააფრთხოს ქორმა,
ისე ვწრიალებ როდესაც მოთოვს …
არ შემიძლია იმგვარად ქროლვა
გვერდში მიდგეხარ !
ნურაფერს მომთხოვ.

… ვერხვის ფოთლების ეცვა სამოსი,
როცა მეწვია წელი სამოცი …
ვერ დავახვედრე სამეფო ტახტი
და რომ ეკუთვნის
ისე ვერ დავხვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი