იმღერე ქართლო (რჩეული)


ვარ დამხობილი შენს მიწაზე და მწვავ და მათბობ
განუკურნელო სიყვარულო,დიადო ქართლო.
დანდობილი ვარ მე შენს მიწას და მწვავ და
მათბობ,

ჩამჭიდე ხელი,
გამამხნევე,
გამახალისე,
რომ ოცნება და იმედები შემრჩეს ხვალისა.

ხარ ნათლის სვეტი, მოგუგუნე, დიდი და მძლავრი,
ვეღარ გარღვევდნენ ქარიშხლები და მიწისძვრანი,
ხარ მობრიალე ნათლის სვეტი დიდი და მძლავრი.
არ დაშრეტილა შენი სულის მფეთქავი ძარღვი,
იმღერე, ქართლო! … მარადისი სიმღერა მძლავრი.

ისევ და ისევ გუგუნებენ შენი ციხენი.
სამზერებიდან ირეკლება ერის სიმხნევე
და კვლავ ჯიუტად ბუბუნებენ შენი ციხენი.
ისევ ვუმღერი მაგ ციხეთა მორღვეულ ლოდებს
და ბედუკუღმართ ისტორიას ფეხდაფეხ მოვდევ.
ჩამჭიდე ხელი,
გამამხნევე,
გამახალისე,
რომ ოცნება და იმედები შემრჩეს ხვალისა.

მაგ გულსიცემას ვადღერძელებ, დიადს და
ხანგრძლივს,
შენ გულდამწვარო მეხთატეხით, ხმლითა და
ხანძრით,
მაგ გულსიცემას ვადღერძელებ,დიადს და
ხანგრძლივს,
ვერ მოგერია მოშურნეთა მტრობა და ღვარძლი,
იმღერე, ქართლო!
გულდამწვარო ხმლითა და ხანძრით.
იმღერე! ქართლო! სიმღერასაც მსმენელი უნდა,
მტრისა და მოყვრის გასაგონად იმღერე თუნდაც,
იმღერე, ქართლო! სიმღერასაც მსმენელი უნდა.
მე შენგან მძლავრ და თავწყვეტილ სიმღერას
ვითხოვ,
თორემ ის კი … დაჭიმული სიმი ვარ თვითონ.
მე ვარ ნაწილი შენი გრემის, შენი მცხეთისა,
ეს ის სულია _
სუნთქვასავით რომ შეგეთვისა
და ნაწილი ვარ შენი ხანძთის ,შენი მცხეთისა.
ეს ის სულია _ ვარსკვლავივით ცად რომ კიაფობს
და შენს სიმშვიდეს უფრთხილდება , ქართლო
დიადო.

ჩამჭიდე ხელი,
გამამხნევე,
გამახალისე,
რომ ოცნება და იმედები შემრჩეს ხვალისა.

… ვარ დამხობილი შენს მიწაზე ტრფობით და
კრძალვით
რომ დაგიფარო უჟამობის თვალღია ბზარი,
რომ გაგაგონო სიმრერების გრგვინვა და ზარი.
ვარ დამხობილი შენს მიწაზე ტრფობით და
კრძალვით.
მე შენი მზის და შენი მიწის სურნელი მათრობს
და გევედრები:
უფრო მძლავრად იმღერე ქართლო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი