მამავ ბატონო


მწერ, თითქოს მოტყდი,
თითქოს ბერდები,
თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო …
არა და არა,
არ მემეტები,
ო, ღმერთმა, ნუ ქნას , მამავ ბატონო.

მწერ, თითქოს წლები ზამთარს რეკავენ,
სოფელში როგორ გავძლო მარტომო …
რამ შეგაშფოთა,
რა დროს ეგ არის,
ო, ღმერთმა, ნუ ქნას, მამავ ბატონო.

მერე რა … _ თმაში თეთრი გადნება.
ასი ათასჯერ თუნდაც დათოვოს …
შე კაი კაცო, რა გედარდება,
არ გეკადრება, მამავ ბატონო.

გახსოვს?
ბრძოლაში სიკვდილს დასდევდი,
რიხით გივლია ბრძოლის ქარშიაც …
ჰოდა, ჭაღარა რაა ასეთი,
როცა ტყვიებთან გითამაშია.

რაო? …თუ თმაში თოვლი გაცვივა,
ეს თეთრი ფერის არის ალერსი,
შენ კი რად ამბობ:
“ბერიკაცი ვარ”,
რამ ჩაგიყენა შიში თვალებში.

დაუმცხრალი და სული მბორგავი,
ვინ შეარიგა ასეთ სევდასთან?
წაღმა ტრიალებს ბედის ბორბალი,
კვლავაც იბრუნებს … ჰაი, დედასა!

თავზე უღრუბლო ზეცა გვახურავს,
და სასიცოცხლოდ გვიწვევს, გვახელებს,
ისე, იმგვარად გაიზაფხულა,
მამავ ბატონო,
ამ მთებს გახედე.

ქუჩებში უკრავს ბუკს და ნაღარას
დრო საზეიმო და აყვავების …
ჰოდა, ჩამოვალ
და შენს ჭაღარას
როგორც სიწმინდეს ვეთაყვანები.

მაშ ნუღარ მომწერ,
თითქოს ბერდები,
თითქოს ქვეყანა უნდა დატოვო …
არა და არა,
არ მემეტები,
ო, ღმერთმა, ნუ ქნას,
მამავ, ბატონო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი