შენ წიგნო ჩემო (რჩეული)


მოგვიღწევია ერთად აქამდე,
ზენამ ჩაგბერა სუნთქვა და ღონე …
შენ, წიგნო ჩემო, რწმენა გაგანდე,
რაღა გამოვა თუ დამაღონე.
მომწვდა ჟამთასვლის ეკალი მკაცრი,
მიყვარდი … სული ვერ შეგიბერე …
მე ჩემი მელის, ტკივილს ვერ ავცდი
და ღმერთმა ნუ ქნას შენი სიბერე.
ნიავქარივით გადაუარე,
ველებს მოასხი მწვანე ხალათი …
რაღას ველოდო უფრო უარესს,
თუ აპატიე ვინმეს ღალატი.
უნდა მოუხდე შიშველ იარას,
ბეჭგამართული სერზე შემოდექ …
სიწმინდით მარტო ღიმილს კიარა,
სატკივარს სხვისას უნდა შველოდე.
თუნდაც დაგჭირდეს ჯაჭვის პერანგი,
პასუხი გაეც მტერს და მოსისხარს …
ამ სულს ძარღვების ძაფით ვკერავდი,
წადი იფრინე დამილოცნიხარ.
… შორიდან მოდის თეთრი ნათება
და შენთვის მეტი ცეცხლი მწადია …
არ შემიშინდე, რა გემართება,
წინ კიდევ ბევრი წელიწადია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი