ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა
ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა, ყელამართული და სხივმოსილი. მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა, რა გოგო იყო ის დალოცვილი! მხრებზე ნაწნავი ისე ეყარა, მელანდებოდა შორი ქორწილი მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო … ის დალოცვილი. ელვა_ღიმილი მიძღვნა წამითა, ერთი მოხედვა მაინც ინება … და მერე, ისე უცებ წავიდა, როგორც მდინარე მიედინება. ინისლებოდნენ ლიანდაგები, თითქოს ქალაქი გახდა ტრამალი, მივაცილებდი წყლიან თვალებით და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის. იმ წუთში არვინ აღარ მახსოვდა, მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი … გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა და დამახვია ქვეყნის ჭორები. გავეპასუხე: უცებ მოვცილდი, არც არაფერი აღარ მეწადა … რა გოგო იყო ის დალოცვილი, რა უცნაურად გამომეცხადა. … წყვილი ნაწნავი მხრებზე ეყარა, და ჩახჩახებდა როგორც ქორწილი. მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო ის დალოცვილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი