წერილი დისადმი (მერი ნარსიას)


ჩემო დაიკო, ვერ გაგახარე,
ვერ მოგალხინე ჟღურტულა ჩიტი …
აღარ გათავდა ის ჩემი ხვალე,
ვეღარ გიყიდე საკაბე ჩითის.

დღეში ასჯერაც გახსნებ ბარემ
და შენი ნახვაც მომწყურდა ძლიერ …
ვნაღვლობ : არ გახსოვს ჯერ კიდევ რამე,
გამოგზავნილი შენი ძმის მიერ.

ფარვანასავით სტრიქონს ვადნები,_
და რა ვქნა,
თუკი ვცხოვრობ ღარიბად …
ალბათ ის ჩემი
დღე დაბადების,
ბედმა შეცდომით დაათარიღა!

ლექსმა ქართულმა გამიყოლია,_
რითმებს გულგრილად ვეღარ ჩავუვლი …
შენზე ძვირფასი არვინ მყოლია
და მაპატიე დანაშაული.

თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაგახარე ,
ვერ მოგალხინე ჟღურტულა ჩიტი …
მოვა ერთხელაც ის ჩემი ხვალე;
შენ რომ საკაბე გიყიდო ჩითის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი