ქრისტეშობის დილა
შუაღამე კარგახნის გადასული იქნებოდა, როცა ბიჭუნამ არაჩვეულებრივად ლამაზი ვარსკვლავი შენიშნა. იგი ისეთი ძალით ბრწყინავდა, მთელ ცას შარავანდედი მოეფინა კიდით კიდემდე. ვიწრო სარკმელშიც უხვად შემოიღვარა შუქი. ბიჭუნამ თავისი უმცროსი ძმა გააღვიძა, ორივენი გაოცებით მიაჩერდნენ საოცარი ძალით ანთებულ ვარსკვლავს, რომელიც ნელ - ნელა ინაცვლებდა ადგილს ცაზე, სულ უფრო დაბლა იწევდა, ბოლოს თვალს მიეფარა. - ჩამოვარდა? - წაიჩურჩულა უმცროსმა ძმამ. - ეს ჩამოვარდნას არ ჰგავდა. ალბათ ჩამოფრინდა, - თქვა უფროსმა, თან მარდად წამოხტა და ჩაცმა დაიწყო, - მგონი სწორედ იქ ჩამოფრინდა, სადაც მამა ცხვრებს აძოვებს, წავიდეთ, ვნახოთ. უმცროსიც წამოხტა საწოლიდან. ბიჭებმა ერთი კი გადახედეს ოთახის კუთხეში მძინარე დედას და ჩუმად გასხლტდნენ კარებში. ნაცნობი ადგილები სწრაფად გადაირბინეს. არაჩვეულებრივი ვარსკვლავის მიერ დატოვებული შარავანდენი ისევ ბრიალებდა ცაზე და გზას უნათებდათ. ოღონდ მერე უფრო გაუძნელდათ სიარული. ხშირად ბორძიკობდნენ, ხან ხეს შეეფეთნენ, ხან ეკალ - ბარდებში გაიხლართნენ. ღამის სუსხმაც თავი აგრძნობინა ორივეს, მაგრამ უკანდახევა წამითაც არ უფიქრიათ, შეუჩერებლივ მიილტვოდნენ იქით, საითაც ვარსკვლავი მიიმალა. უცბად ბიჭებმა დილის ბინდბუნდში მათკენ მომავალი მამა დაინახეს. შორიახლოს სხვა მწყემსებიც გამოჩნდნენ, დაფიქრებულები იდგნენ და რაღაცაზე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. ჩანს, მამამ ადრევე შეამჩნია ბიჭები და თვითონვე გამოეგება მათ. - მამა, დაინახე ვარსკვლავი? - მიაძახა პატარამ. - დავინახე, - დინჯი ხმით თქვა მამამ და თავზე ხელი გადაუსვა პატარას, მერე უფროსსაც. - ძალიან უცნაური ვარსკვლავი იყო, - ახლა უფროსი ალაპარაკდა, - ისე ბრწყინავდა, პატარა მზე გეგონებოდა. - ჰო, მზესავით ბრწყინავდა, მთელი ცა განათებული იყო, - ახმიანდა პატარა. - მერე ის ვარსკვლავი სადღაც აქეთ ჩამოფრინდა. - ჩვენც აქეთ გამოვიქეცით. - მისი ახლოდან დანახვა გვინდოდა, - ერთმანეთს აღარ აცლიდნენ ბიჭები. მამამ ხელის აწევით ანიშნა, წყნარად იყავითო. - ამაღამ ღმერთი დაიბადა - თქვა მან. - ღმერთი? - გაოცებით შესძახეს ბიჭებმა. - ჰო, ჭეშმარიტი ღმერთი, აი, იქ, გომურში. ვარსკვლავიც სწორედ ამისი ნიშანი იყო. წამით ბიჭები დადუმდნენ, ნათქვამმა სიტყვამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა . . . მამის ხმის განსაკუთრებული სიდინჯეც ანიშნებდა მათ, რომ მართლაც რაღაც არაჩვეულებრივი რამ მომხდარიყო. - მოგვებიც ეახლნენ ახლაშობილ ღმერთს, საჩუქრები მოუტანეს, - ისევ მამის ხმამ დაარღვია სიჩუმე. - ჩვენც წავალთ და ვნახავთ, - გამოერკვა უფროსი ბიჭი. - ჰო, ჩვენც ვნახავთ, - მხარი აუბა პატარამ. - ახლა იქ აღარავინაა, ახალშობილი უკვე წაიყვანეს მშობლებმა, - თქვა მამამ. - ბიჭები ისევ ჩაჩუმდნენ. ორივე უხმოდ იყურებოდა იქითკენ, სადაც მათ მამამ მიუთითა და სადაც ღმერთი დაიბადა გომურში. - როგორ მინდოდა მენახა - დაღონებით ჩაილაპარაკა უფროსმა ძმამ. - მეც ძალიან მინდოდა, - დაუმოწმა პატარამ. - როცა იქნება, თქვენც ნახავთ. მან ხომ ადამიანებთან ყოფნა ინება. ახლა კი წადით, დედათქვენი ალბათ უკვე გეძებთ. მამამ კვლავ ცხვრების საჩიხისკენ გასწია, ბიჭები სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ და მერე უმცროსმა დაარღვია სიჩუმე. - ღმერთს ჩვენც ვნახავთ, არა? - რაკი მამა ამბობს. . . - მერე როგორ ვიცნობთ? - ხომ ნახე, ვარსკვლავი მიუძღვის წინ. - ჰოო - გააგრძელა პატარამ, ცოტა ხნით იყუჩა და მერე თქვა: - კი, მაგრამ დღისით რომ შეგვხვდეს? - დღე რა შუაშია, - გაიკვირვა უფროსმა. - ვარსკვლავი ხომ მხოლოდ ღამით ანათებს, დღისით საერთოდ არ ჩანს, - თქვა პატარამ, - როგორ უნდა ამოვიცნოთ ღმერთი . . . უფროსი ბიჭი შედგა, პატარა მასთან ერთად შეჩერდა, ერთმანეთს უხმოდ მიაჩერდნენ თვალებში. - მამა ტყუილად კი არ გეძახის კირკიტა ჭკუის პატრონს, - თქვა ბოლოს უფროსმა, - რაღაც უცნაური უნდა თქვა ყოველთვის. ამ სიტყვების მერე უფროსი ძმა ისევ დაადგა სახლისაკენ მიმავალ გზას, უმცროსიც აედევნა. ერთხანს უხმოდ მიდიოდნენ, ჩანდა, უფროსი რაღაცაზე ფიქრობდა, ბოლოს გაამჟღავნა ნაფიქრი. - ალბათ ისეთი ვარსკვლავი მიუძღვის წინ, დღისითაც რომ ანათებს. - მზესთან ერთად გაანათებს? - ჰო, მზესთან ერთად. - რა კარგია! - ტაში შემოჰკრა პატარამ, სახე ღიმილმა გაუცისკროვნა. ძალიან მოეწონა ისეთი ვარსკვლავი, მზეც რომ ვერ ართმევდა ბრწყინვალებას. ამ ლაპარაკში სახლს ნელ ნელა უახლოვდებოდნენ, დღის სინათლე უფრო და უფრო იკრებდა ძალას, ქრისტეშობის დილა თენდებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი