მთვარეული
მთვარის სხივებს შემოჰყვა ღია სარკმელში, შუა ოთახში აისვეტა, თავით ფეხებამდ ემთვარის შუქში გახვეული. შევხედე, თხელი აღნაგობისა ჩანდა, ფერმკრთალი, თვალსხივოსანი. სამოსელიც მკრთალი ფერის ემოსა, ფართო სახელოები უფრიალებდნენ. მისი სამოსელი სულ ადვილად შეიძლებოდა ღამის პერანგად მიგეღო. - მთვარეული ხარ? - ვკითხე. - არა, - მითხრა დაბალი, წყნარი ხმით,- მთვარეული კი არადა, მთვარის მკვიდრი ვარ. - განა მთვარე დასახლებულია? - რა თქმა უნდა. - მერედა, რატომ ადამიანები ვერ გხედავენ? - რას დაინახავენ, ისეთი თვალაბმულები არიან. . . ამ სიტყვებთან ერთად ჯიქურ შემომხედა, მისმა თვალებმა ფოსფორისებური ელვარება გადმოაფრქვიეს. - მაინც გასაოცარია, - ჩემსას არ ვიშლი, - იმდენჯერ იყვნენ ადამიანები მთვარეზე… მგონი იქაურობა კარგად მოჩხრიკეს. დედამიწიდან კიდევ რამდენ ფოტოსურათებს უღებენ... თანაც როგორს, ქვიშის უმცირეს ნამცეცს რომ აღნუსხავს და ამჟღავნებს. - ვერას გიშველით ვერც თქვენი განთქმული ფოტოსურათები, ვერც ასტრონავტების მთელი გუნდები. ვერ ხედავთ ჩვენს ბაღებს, ქალაქებს, ჩვენს ქუჩებს, სახლებს, დამუშავებულ ბოსტნებს და ხოდაბუნებს, (ჩვენც ხომ ჭამა გვინდა). ვერ გვამჩნევენ თქვენი ასტრონავტები, მართლაც მთვარეულებივით დააბიჯებენ, ოღონდ მთვარეზე და არა დედამიწაზე. . . თუნდაც წინ შეეჩეხო, უაზრო თვალებით შემოგხედავენ და გზას აგიქცევენ. ამ სიტყვებმა დამაფიქრეს. ვინ რა იცის, იქნებ მართლაც ასეა საქმე, როგორც ჩემი სტუმარი მიამბობს. ჩვენ კი, ადამიანები, ვიძახით, მთვარე დაუსახლებელიაო. - დედამიწაზე რაღა დაგრჩენია? - ვკითხე პაწია პაუზის შემდეგ. - დედამიწა ჩვენი უახლოესი ცთომილია, - დინჯად ამიხსნა, - გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ვესტუმროთ ხანდახან. - რა მიზნით? - მძიმეა მეტად თქვენი ცთომილი. ჩვენც, მთვარის მკვიდრნი, ამ სიმძიმეს ვეზიარებით. - მერედა, რაში გჭირდებათ? - რომ უფრო მძაფრად შევიცნოთ, თუ რა იღბლიანები ვართ. იქ, მთვარეზე ხომ ყოველივე სულ სხვანაირადაა, უფრო აღმატებულს და მშვენიერს ვერაფერს ნახავ მთელ სამყაროში. მსუბუქია ჩვენი ცთომილი, ჩვენი მთვარე. მსუბუქია ბილიკები, რომლებიც ჩვენ, მთვარის მკვიდრთ, ერთმანეთთან გვაკავშირებს. მსუბუქია ჩვენი ნაბიჯი, როცა ამ ბილიკებზე დავდივართ. სხვაგან ვერსად იგრძნობ თავს ისე ლაღად და თავისუფლად, როგორც მთვარეზე. ამას რომ ამბობდა, ღია სარკმელში მოქათქათე მთვარისკენ გაიწოდა მკლავები მთვარის მკვიდრმა. ჰაეროვანი და მსუბუქი იყო მისი მოძრაობა. პოეტს ჰგავდა, მთვარის რომ შეჰხარის და ეფოფინება რითმების ძიებაში. თითქოს უწონადოაო, ისე მსუბუქად გაიფრიალეს ფართო სახელოებმა. თვალი დამრჩა ამ საამო სანახაობაზე, და მეც, ჩემი მხრით, უფრო მეტი სიმძაფრით შევიგრძენი, თუ რა შორს იყო ჩემგან ეს მსუბუქი და ლაღი სამყარო. მე ხომ უიმედოდ ვიყავი მიჯაჭვული ამ მძიმე ცთომილზე. თეთრი შურით შემშურდა ჩემი ღამეული სტუმრის, მთვარის მკვიდრის. ვაპირებდი კიდეც, ამის შესახებ ხმამაღლა მეთქვა. ენაზე მადგა სიტყვები, თეთრი შურით მშურს შენი, (თანაც როგორ უხდებოდა სიტყვები, ‘’თეთრი შური,’’ იმ მოქათქათე სურათს, რასაც იმ წუთში შევყურებდი), მაგრამ აქ ერთმა აზრმა გამიელვა და დროზე მოვიკვნიტე ენა. - მთვარეზე როგორ უნდა დაბრუნდე? - ვკითხე მთვარის მკვიდრს. - როგორც თქვენთან მოვედი,- მითხრა მან და ფოსფორისებურად მოკიანთე თვალები კვლავ შემომანათა,- მთვარის სხივების ბილიკს გავყვები ისევ. ოღონდ ცოტა უნდა ვიჩქარო, დღის სინათლე არ წამომეწიოს, მთვარე ამ დილით მოგვიანებით ჩავა. - მეც შენთან ერთად წამოვალ, - მაშინვე მივახალე, სწორედ ამ აზრმა გამიელვა მაშინ, როდესაც თეთრ შურზე ვაპირებდი ლაპარაკს. ჩემს ღამეულ სტუმარს ოდნავადაც არ გაკვირვებია ჩემი სიტყვები. თავი დინჯად გადააქნია უარის ნიშნად, თან დაუმატა, ეს შეუძლებელიაო. - რატომ? - მეტისმეტად ბევრნი ხართ, - ამიხსნა დინჯად, - თან წამოგყვებიო, ყველა ასე მთხოვს, ვისაც კი დედამიწაზე გადავეყარე. გარწმუნებ, ასეთები მეტისმეტად მრავლად არიან. თქვენ რომ ყური გიგდოთ, აქ აღარავინ დარჩება, ყველანი მთვარეზე გადასახლდებით. ამ სიტყვებთან ერთად კვლავ ღია სარკმლისკენ ჰქნა პირი ჩემმა ღამეულმა სტუმარმა, მთვარის თეთრად მოქათქათე ბადროს გაუსწორა თვალი, აშკარად წასვლას ეპირებოდა... აჰა, შედგა კიდეც ფეხი მთვარის სხივების ბილიკზე. ცოტაც და უკვე ვეღარ მივწვდებოდი... კიდევ კარგი, მოვასწარი, დროზე ჩავაფრინდი მკლავში. - ან ერთად წავალთ მთვარეზე, ან ერთად დავრჩებით დედამიწაზე, - გამოვუცხადე გადაწყვეტით, თეთრი შურით პირთამდე ავსილმა. გაიწია ჩემმა ღამეულმა სტუმარმა. . . მაინც რა ღონე აღმოაჩნდა იმ კაფანდარა სხეულში, სარკმელზე გადაბიჯება შეძლო. მაგრამ მეც არ დავეხსენი, კიდევ უფრო ღონივრად ჩავაფრინდი, თან ვკვირობდი, რა მკვრივი სხეული ჰქონოდა თურმე მთვარის მკვიდრს; მისი მკლავი ქვისგან ნაძერწი გეგონებოდა, მე კი წინდაწინ ვშიშობდი, ხელში პლასტილინივით არ ჩამადნეს - მეთქი. ლავგარდანს გაუყვა ჩემი მსტუმარი სარკმლის მიღმა… ცხადია, ჩემთან ერთად, ერთი ნაბიჯითაც არ ჩამოვრჩენილვარ. სახურავისკენ აიღო გეზი, მთვარის შუქს ადევნებულმა. იქაც მივყევი, ოღონდ ეს იყო, მკლავებში უფრო ღონივრად ჩავაფრინდი იმის შიშით, ხელიდან არ გამისხლტეს - მეთქი. ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა თუ სეირნობა (არც კი ვიცი, რა ვუწოდო...) მთვარის შუქით ავსებულ ღამეულ სივრცეში.‘’ვერ წამიხვალ, არ გაგიშვებ,’’ ხშირხშირად ვიმეორებდი ამ სიტყვებს. უნდა სცოდნოდა მთვარის მკვიდრს, ვისთან ჰქონდა საქმე, მისი ხელიდან გამშვები ცოცხალი თავით არ ვიყავი. ამ ყოფით აღმოვჩნდით სახურავზე, და იქ ვალსის მოცეკვავებივით ვიწყეთ სიარული, მთვარის შუქს ადევნებულებმა. . . მსუბუქად ინაცვლებდა ადგილს ჩემი მეწყვილე, ვფიქრობ, ნამდვილად ვგავდით რაღაც იდუმალი ცეკვის შემსრულებელ მეწყვილეებს... მიმოდიოდა კარნიზიდან კარნიზამდე, სახურავიდან სახურავამდე; მეც მასთან ვიყავი განუშორებლად. ნაბიჯი რაა, ერთი ნაბიჯითაც არ დავცილებივარ იმ საოცრად ჰაეროვან, ტანმსუბუქ სხეულს, ღია სარკმლიდან რომ გამომეცხადა მთვარის შუქთან ერთად. გამუდმებით ჩემს ცხირწინ ვხედავდი მქრქალ სათუთ პირისახეს და ფოსფორისებურად მოკიანთე თვალებს, საკუთარი ხელებით შევიგრძნობდი თითქოსდა ქვისგან გამოკვეთილ, მკვრივ მკლავებს. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ეს ნამდვილად მოვახერხე. როგორ და რანაირად, არ ვიცი. ჩემი სხეული ჩემგან დამოუკიდებლად ეძიებდა და პოულობდა საყრდენს ფეხქვეშ, ჩემი სული და გული კი მას დაეპყრო, ჩემს ღამეულ სტუმარს. უწინ საკუთარ თავზე ვიტყოდი უარს, ვიდრე მის კვალდაკვალ სიარულზე. მთვარემდე უნდა მიმეღწია, მეც მთვარის მკვიდრი გავმხდარიყავი, უნდა გავცლოდი ამ მძიმე, ხანდახან კი უმძიმეს ცთომილს. იქ კი, მთვარეზე, სულ სხვა ცხოვრება მელოდა. მსუბუქ ბილიკებზე მსუბუქი ნაბიჯებით ვივლიდი, არ ვიბორძიკებდი, ასტრონავტებისგან განსხვავებით. არ ვიცი, ამ ყოფით რამდეხანს ვიარეთ, რამდენი სახურავი გადავიარეთ. . . არაერთხელ შეეცადა ჩემი ღამეული სტუმარი, როგორმე ხელიდან დამსხლტომოდა, ვერა და ვერ შეძლო, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე აღმოვჩნდი; არც ჩემს ხელებს დაჰკლებიათ ძალღონე, არც ფეხებს უღალატიათ ჩემთვის. არც ის მეშლებოდა, საითკენ ჯობდა ამეღო გეზი; ერთმხარეს გაიწევდა ჩემი მეწყვილე, მეც იმ ხარეს მივიწევდი.მეორე მხარეს გასწევდა, იქაც განუშორებლად მივდევდი. ერთხელაც, მეტად დაქანებული სახურავის ფუძესთან, მეტისმეტად ფართო ნაბიჯი გადადგა მთვარის მკვიდრმა. წამით მოახერხა,ხელიდან დამისხლტა. . . მაგრამ მეც არ დავბნეულვარ, მასზე არანაკლებ ფართოდ გადავაბიჯე, ლამის თავზე გადავევლე სახურავს, წინ დავუხვდი მთვარის მკვიდრს. ერთი წამით თვალში მეცა მისი მქრქალი სახე, ფოსფორისებურად გაიელვეს თვალებმა. უცბად მქრქალი სახე სადღაც გაქრა, მის ნაცვლად მთვარე დავინახე, დღის სინათლისგან ერთიანად გაფითრებული, ჩასასვლელად გამზადებული. თურმე დილა წამოგვწეოდა, როგორც ჩემი ღამეული სტუმარი შიშობდა, თუმცა თვითონ აღარსად ჩანდა. . . მის ნაცვლად სახურავის კარნიზს ვებღაუჭებოდი. სადღაც ქვევიდან ხმები შემომესმა, ადამიანების ლაპარაკს ჰგავდა. გადავიხედე, ხალხის მთელი დუნდგო დავინახე. ხელებს ჩემსკენ იშვერდნენ და შეხედეთ, სახლის სახურავზე მთვარეულიაო, გაჰყვიროდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი