ბროლის ლაბირინთი


არაფრით გაგახსენებდა თავის ძველთუძველეს წინამორბედს. გამეცინა კიდეც, როცა სულ პირველად დამანახეს. თხელი ნისლის ბულულს ჰგავდა, მქრქალსა და სათუთნაპირებიანს. მის მიღმა ცისკიდურიც კი დავლანდე. აბა ეს რა ლაბირინთია, აქ არც ჩაბნელებული დარბაზებია, არც მაცდურად დახლართული, კლდეში ნაკვეთი ტალანები, მომაკვდინებელ მახედ რომ გარდაექცეოდა ყველას, ვინც კი მის წიაღში ფეხის შედგმას გაბედავდა. აქ მსგავსიც კი არაფერია. სარკეები და ბროლის ტიხრები, ესაა სულ. არიადნას ძაფი ნამდვილად არ დაგჭირდება, საამისოდ იგი მეტად გამჭვირვალეა. შეხვალ, მოიჯერებ გულს ბროლის ბილიკებზე სეირნობით და გამოხვალ არხეინად, აუღელვებლად. აქ გზა რაღამ უნდა გადიბნიოს. თუ მოგეხასიათა, გარეთ დარჩენილებს ხელსაც კი დაუქნევ ბროლის კედლის მიღმიდან.
     ყველაფერი სულ სხვანაირად აღმოჩნდა. თუმცა, პირველი ნაბიჯი სრულიად უწყინარი და თანაც ძალიან მშვენიერი იყო: თითქოს საოცრად წარმტაც ზღაპარში ამოვყავი თავი, საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ბროლი კრიალებდა, თვით ჰაერიც კი ბროლს აევსო, თუ ჰაერი იყო ბროლის... ჩემს ფეხქვეშ გართხმული ბროლის ბილიკი უსასრულობას ერწყმოდა სადღაც შორეთს მიღმა. ერთი სიტყვით, ბროლის კრისტალში შევაბიჯე.
     დიახ, ეს ყოველივე მშვენიერი იყო, არც ჩემი დაქადნება დამვიწყებია, ბროლის გამჭვირვალე ტიხრის მიღმიდან ხელს დავუქნევ-მეთქი გარეთ დარჩენილებს. მაშინვე მივტრიალდი, რათა განზრახული აღმესრულებინა. სულ ტყუილად შევიწუხე თავი, ვერავინაც ვერ დავინახე გარეთ მყოფთაგან, მათი ნასახიც კი არ ჩანდა. ჩემს ზურგს უკანაც კრიალებდა, მხოლოდ ბროლი და სხვა არაფერი... იქაც ბროლის დაუსაბამო ბილიკი გართხმულიყო, რომელსაც ბოლო თვით უსასრულობის მიღმა ეკარგებოდა. ამან ცოტათი შემაცბუნა: მე ხომ ერთი, ერთადერთი ნაბიჯი გადმოვდგი ლაბირინთის წიაღში, უსასრულო ბილიკი საიდანღაც გაჩნდა? თუმცა იქვე მოვისაზრე, რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე და გამეცინა კიდეც საკუთარი მიუხვედრელობის გამო... აქ ხომ ბროლის ტიხრების და სარკეების მთელი სისტემაა, მათი საშუალებით აურაცხელი ხედვითი ეფექტების და რებუსების მიღწევა შეიძლება. გასაკვირი არაფერია, მთავარია სწორი გეზი არ დავკარგო, არ დამავიწყდეს, საითკენაა გამოსასვლელი, იგი ჩემს ზურგს უკანაა. ვეცდები დიდად არ დავშორდე გამოსასვლელს და ყურადღებით ვიყო, რათა მხარი არ მომექცეს. ესაა სულ.
     იმ ერთ ნაბიჯს მეორეც მოჰყვა... საერთოდ, ადამიანს არ უყვარს უკან დახევა, ცდილობს გამუდმებით წინ იაროს, თუ რომელიმე გზას დაადგა. ამანაც მიბიძგა კვლავ წინ წამეწია იმ ბროლის ბილიკზე. მიუხედავად იმისა, რომ ვერც გარეთ მყოფებს დავუქნიე ხელი და ვერც თოჯინას მოვკარი თვალი. საითაც არ უნდა გაგეხედა, ყველგან ბროლი კრიალებდა და ამ კრიალს არაფერი ბღალავდა, ერთი წერტილიც კი.
     მგონი ჯერ არაფერი მითქვამს თოჯინას შესახებ... დიახ, სწორედ თოჯინას ვეძებდი, ბავშვს დაჰკარგვოდა ლაბირინთში სეირნობისას. მაშინღა გაახსენდა, როდესაც გარეთ გამოვიდა. სადაა ჩემი თოჯინაო, მოჰყვა წირპვლას. დარაჯმა თქვა (ხანში შესული კაცი იყო, თეთრი მხცით შემოსილი), დამლაგებელი ჩამოივლის, აუცილებლად იპოვის და სახვალიოდ დაგახვედრებთო, ლაბირინთში სიარულის თავი აღარ მაქვსო. მართლაც, მეტად მოღლილი სახე ჰქონდა. საათზე დაიხედა და თქვა, აჰა, სამუშაო დღეც გასრულდაო. ალბათ ადვილი არაა მთელი დღე შესასვლელი ბილეთების სინჯვა, მის ასაკში ვეღარც ყურადღება ფხიზლობს, როგორც საჭიროა. სწორედ ამ დროს მომივიდა აზრად, ჩუმად შევპარულიყავი ლაბირინთში. რაც იმ წამსვე აღვასრულე კიდეც, ვისარგებლე რა იმით, რომ ჩემთვის არავის ეცალა. დარაჯი ჩემსკენ ზურგშექცეული იდგა, დედა-შვილი ერთმანეთით იყო გართული. უბრალოდ თავი არ შევიწუხე ზედმეტი ახსნა-განმარტებით, თორემ დასამალი რა მქონდა, მინდოდა მოულოდნელად გამეხარებინა დედა-შვილი. ვფიქრობდი, რომ თოჯინას პოვნა არ გამიძნელდებოდა, ახლოს უნდა ყოფილიყო გამოსასვლელთან.
     რა დაგიკარგავს და რას ეძებ, თოჯინის ნასახიც არ ჩანდა, ირგვლივ ბროლი კრიალებდა, მხოლოდ ბროლი და სხვა არაფერი.
     მთავარია სწორი გეზი არ დავკარგო, შევახსენე საკუთარ თავს, სულ ათიოდე ნაბიჯს გადავდგამ, რათა გამოსასვლელს დიდად არ დავცილდე და მაშინვე უკან გამოვბრუნდები. უფრო შორს აღარ წავიწევ. რაც შეეხება გარეთ მყოფთათვის მისალმებას, ამაზე უკვე აღარ ვფიქრობდი.
     ასე რომ, კვლავ წინ წავიწიე ბროლის დაუსაბამო ბილიკზე. ფრთხილად, მოზომილად მივაბიჯებდი, გეზი სწორად მეჭირა, ოდნავადაც არ გადამიხვევია გვერდზე, მეტი სიფრთხილისთვის ნაბიჯების თვლას მოვყევი. მესამე ნაბიჯი, მეოთხე, მეხუთე... მეათე, არა და არ ჩანდა, რასაც ვეძებდი, კვლავ უზადო ბროლი კრიალებდა, საითაც არ უნდა გამეხედა.
მორჩა, აქ გზის გამგრძელებელი აღარ ვარ-მეთქი, ვთქვი და მოვტრიალდი... მოვტრიალდი ზუსტად ზურგის მხარეს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვიყავი. ახლა უკვე გამოსასვლელისკენ გამოვწიე, მოვდივარ ნელა, მოზომილად, ვცდილობ გეზი არ გავამრუდო. თან ნაბიჯებს შებრუნებულად ვითვლი: მეცხრე ნაბიჯი, მერვე, მეშვიდე... მეორე, კიდევ ერთიც, სადღაა გამოსასვლელი?
     სწორედ იქ, სადაც ჩემი ვარაუდით გამოსასვლელი უნდა ყოფილიყო, ბროლის დაუსაბამო ბილიკი კრიალებდა, რომელსაც არც თავი ჰქონდა, არც ბოლო.
     იქნებ თვლა შემეშალა, იქნებ კიდევ ერთი ნაბიჯიც უნდა გადავდგა, ასე ვიფიქრე შეცბუნებულმა. გადავდგი ის ერთი ნაბიჯი, კვლავ ბროლის უსასრულობა და სხვა არაფერი...
ნუთუ მხარი მომექცა? არა მგონია, ათ ნაბიჯზე მხარი როგორ მომექცეოდა... გეზი ყოველთვის სწორად მეჭირა, ოდნავადაც არ გადამიხვევია....
     აქ უკვე ვინანე ჩემი საქციელი. მივხვდი, ასე ადვილად ვერ დავაღწევდი თავს აქაურობას. ნეტავი რა მრჯიდა, ვინ მეხვეწებოდა, რისთვის შემოვეხეტე ამ ბროლის მახეში. რამდენადაც მსუბუქი და უწყინარი ჩანდა შორიდან, იმდენად მზაკვარი და შეუვალი აღმოჩნდა მისი წიაღი. ეს რომ ასეა, ამ ათიოდე ნაბიჯმაც გაამჟღავნა, რაღა მოჰყვება შემდგომ ნაბიჯებს? ხომ არ დავემგვანები იმ ბეღურას, შემთხვევით შუშაბანდში რომ შემოფრენილა და თავგზადაკარგული აწყდება აქეთ-იქით. შუშაბანდის ფანჯრებიდან ერთ-ერთი ღიაა, სწორედ ის, საიდანაც თვითონ შემოფრინდა, მაგრამ ბეღურა იმას ვერ ამჩნევს და ჩაკეტილ მინებს ეხეთქება.
გზის გამკვლევი მაინც ამეთო. დავიმაგრებდი მაჯაზე და მეტიც არ მინდოდა, პაწია ეკრანზე მოციმციმე წითელი ისარი მუდამ გამოსასვლელისკენ მიუთითებს. არ დამჭირდება-მეთქი, ვიფიქრე, თოჯინა გამოსასვლელთან ახლოს მეგულებოდა... ბავშვის დედა სულ იმეორებდა, თოჯინა ბავშვს გამოსასვლელამდე თან ჰქონდაო...
     ასე და ამგვარად, შევრჩი პირისპირ იმ დაუსაბამო ბროლის ბილიკს. ვიდექი, ვფიქრობდი და ვერაფერი მეღონა. ბოლოს მაინც დავიძარი ადგილიდან, სანამდე უნდა ვყოფილიყავი ასე დარჭობილი... სჯობს ადგილი მოვინაცვლო, ისევ წინ გავწიო, იქნებ შემთხვევით მივაგნო გასასვლელს. აკი ბეღურაც პოულობს ბოლოს ღია ფანჯარას. ნაბიჯებს უკვე აღარ ვთვლიდი, რაღა აზრი ჰქონდა... უცბად ვხედავ, ჩემგან მოშორებით ვიღაც მოაბიჯებს, სადღაც გვერდით ამოყვინთა ბროლის წიაღიდან. აშკარაა, მისი ბილიკი ჩემსას გადაკვეთს. ბოლოს ასედაც მოხდა და მე ბილიკების გადამკვეთის წერტილში კინაღამ სარკეს ვახალე შუბლი. დიახ, სანამ უშუალოდ არ შევეჩეხე, მანამდე ვერ მივხვდი, რომ საკუთარი ლანდის შესახვედრად მივისწრაფოდი. ცოტა არ იყოს, შემრცხვა. როგორ, საკუთარი ცხვირ-პირი ვეღარ ვიცანი? თუმცა, ისე ანაზდეულად გამომეცხადა... თანაც ირიბად გადამკვეთ სიბრტყეში, თითქოს სულ სხვა ბილიკზე მიაბიჯებსო. მართლაც სარკეების მახე ყოფილა აქაურობა (თურმე ჯერ სადა ხარ).
     თვალი უსიამოვნოდ ავარიდე საკუთარ ორეულს, დარცხვენილი და შემკრთალი იერი ჰქონდა. თვალებში უკვე ედგა ის საზიზღარი შიში, რომელმაც აქ ყოფნის წუთები ერთიანად მომიწამლა. არადა, რა იყო აქ საშიში... ამ ლაბირინთში ჯერ არავინ დაღუპულა. როგორმე გავიკვლევ გზას, ანდა ვინმე მომძებნის, როცა იქნება (დარაჯის თქმისა არ იყოს), მაგრამ ეტყობა შიში ღრმად გვაქვს გამჯდარი, პირველივე წაბორძიკებისთანავე იჩენს თავს: ვაითუ რაიმე მოხდეს და თავი წავაგო...
     სარკეს გვერდი ავუარე, გავყევი ბროლის უსასრულო ბილიკს. ჩემმა ორეულმაც გააგრძელა გზა სადღაც ჩემს მიღმა. ანუ, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ და კვლავ საკუთარ გზას გავუყევით. ახლა უფრო ნელა მივაბიჯებდი, თვალსაც ვავლებდი ირგვლივ, იქნებ თოჯინა დამენახა, მაგრამ უნდა ითქვას, დიდ გულისყურს არ ვაქსოვდი ამ საქმეს. თოჯინას დარდი უკვე აღარ მქონდა. ერთი მე თვითონვე გამეღწია აქედან, სხვა არაფერი მადარდებდა.
     ახლა ყველაზე მეტად იმ დედა-შვილის დანახვა გამიხარდებოდა, თოჯინა რომ დაკარგეს. ეს ხომ გასასვლელის პოვნას ნიშნავდა... ცხადია, დარაჯიც იქვე უნდა ყოფილიყო. ასეთნაირად ჩამრჩნენ ისინი მეხსიერებაში.
     მოულოდნელად ბროლის ბილიკმა მარყუჟივით იწყო დახვევა. არ მესიამოვნა ეს ამბავი, მაგრამ აღარ შევჩერებულვარ, მივყევი საეჭვოდ გამრუდებულ გზას, სულ მალე ისევ დავინახე ვიღაცა... უფრო სწორად საკუთარი ორეული, ოღონდ იგი ახლა სულ სხვა სიბრტყეში ვიხილე, საკუთარი გამოსახულება სადღაც ზემოდან გამომეცხადა. ეს ისე უცნაურად მოხდა, მართლა ვიღაც სულ სხვა შეიძლებოდა მგონებოდა, მაგრამ ცოტა თუ ბევრი, უკვე გავუშინაურდი აქაურობას. თან საკუთარი ცხვირ-პირიც მაშინვე ვიცანი, შემკრთალი იერით და თვალებში ჩაბუდებული შიშით. ო, ისევ დაწყევლილი შიში. რისი გეშინია? ვინ დაღუპულა ამ ლაბირინთში?
     ისევ გავაგრძელე გზა, ათიოდე ნაბიჯი გადავდგი და ორეული ახლა პირდაპირ ბროლის ბილიკიდან ამოძვრა ჩემს ცხვირწინ. მიწაზე რომ ვმდგარიყავი, ვიტყოდი მიწიდან ამოძვრა-მეთქი. შემდეგ კი დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, ორეულების ნამდვილი აღლუმი; ზევიდან, ქვევიდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ყოველი მხრიდან მეცხადებოდნენ, ხან თითო-თითოდ, ხანაც უსასრულო მწკრივებად გაიჭიმებოდნენ ხოლმე. ზოგჯერ ისე უცნაურად გადაქანდებოდნენ გვერდზე, თითქოს სადღაც ვარდებიანო, ანდა რომელიმე დამრეც სიბრტყეში იწყებდნენ მოძრაობას, ისე, რომ ჩემს სავალ ბილიკს სულ სხვადასხვა კუთხით კვეთდნენ. დიდი უცნაურობების მოწმე გავხდი. შეიძლება ეს ყველაფერი სხვა შემთხვევაში თავშესაქცევიც ყოფილიყო, მაგრამ მე ამისთვის ნამდვილად არ მცხელოდა, აღარც კი ვუყურებდი ყოვლად უცნაურ გამოცხადებებს, შეუჩერებლად მივიწევდი წინ, იქნებ როგორმე ალალბედზე მიმეღწია გასასვლელამდე.
     მხოლოდ მაშინ შევჩერდი, როდესაც გოლიათს გადავეყარე. იგი ერთბაშად აღიმართა ჩემს წინაშე, მაღალი, შიშისმომგვრელი, მართლაცდა არაჩვეულებრივი წარმოსადეგობა ჰქონდა. ცხადია, გამიკვირდა მისი დანახვა, აქ გოლიათს რა უნდა? ლაბირინთში მგონი ჩემს გარდა არავინაა. ყოველი შემთხვევისთვის, ირგვლივ მიმოვიხედე, სულიერი არავინ ჭაჭანებდა ახლომახლო, ამ დროს კი გოლიათი მთელი სიმაღლით აღმართულიყო ჩემს წინაშე და დაეჭვებით მომჩერებოდა.
     ფეხს წინ არ ვდგამდი, ისიც უძრავად იდგა.
     არ ვიცი, რამდენ ხანს შევყურებდი ერთმანეთს ასე უძრავად მდგარნი. მერე რაღაცას მივხვდი, რაღაც ამოვიცანი მის გამომეტყველებაში. რა იყო ეს რაღაცა? რაღა თქმა უნდა შიში, საზიზღარი, ცხოველური შიში, რისი ეშინოდა გოლიათს, 
    ჩემისთანა უმნიშვნელო არსების?
    თავზე ხელი გადავისვი, მანაც გადაისვა.
    ფეხი წინ წავდგი, მანაც გადმოდგა.
    დიახ, ეჭვისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ესეც მე ვიყავი, უფრო ზუსტად, ჩემი ორეული, 
    მაგრამ ზომით ბევრად გადიდებული. ეეჰ, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს, რომ საკუთარი თავი ვეღარ იცნოს. მე მას საერთოდ ვერ ამოვიცნობდი, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობი შიში რომ არ ჰქონოდა თვალებში.
    გავაგრძელე გზა, გოლიათმაც გააგრძელა გზა სადღაც ჩემს მიღმა.
სულ ცოტა ხანი გავიდა გოლიათთან შეხვედრიდან, ახლა ქონდრისკაცი შემომეყარა. მის ამოცნობაზე ბევრი აღარ მიწვალია, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ვიყავი, სახის იერიც ამასვე ადასტურებდა...
    მერე ერთხანს კიდევ ვიარე საკუთარ ორეულებთან ერთად მხარდამხარ და უცბად ისინი აფეთქდნენ, ელვისებური სისწრაფით გაიფანტნენ უსასრულო სივრცეში. ნამდვილად ასე მოხდა, სხვანაირად ვერ იტყვი, მრავალწახნაგა სარკეებს შორის მოვყევი, რომელმაც ჩემი ორეულები უსასრულო სიბრტყეებში გატყორცნეს. ნამდვილ კალეიდოსკოპში ამოვყავი თავი. ალბათ ყველას გინახავთ კალეიდოსკოპში ფერადი შუშის ნატეხებისგან უსასრულოდ მრავალგვარ სურათხატებას რომ ქმნიან. აქაც იგივე ამბავი ხდებოდა, ჭოგრიტის მაგივრობას აქ მრავალწახნაგა სარკეები ასრულებდნენ ფერადი შუშის ადგილას კი მე ვიყავი.
    იყო ერთი არცთუ უმნიშვნელო, პატარა განსხვავება აქაურობასა და ჩვეულებრივ კალეიდოსკოპს შორის. ჩვეულებრივ კალეიდოსკოპში, როგორც წესა, ჭოგრიტი უნდა ატრიალო, რათა შუშის ნატეხმა ადგილი მოინაცვლოს. სარკეთა სისტემა და შუშის ნატეხი ერთდროულად ინაცვლებენ ადგილს ერთმანეთის მიმართ. აქ ლაბირინთში, სარკეთა სისტემა არ იცვლებოდა, მხოლოდ მე ვინაცვლებდი ადგილს და გარემოც თვალშეუვალი სისწრაფით იცვლებოდა, თითქოს განზომილებიდან განზომილებაში მიმოვდიოდი და ამისთვის საკმარისი იყო ერთი, სულ ერთადერთი ნაბიჯის გადადგმა, მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ, რაღაც ამდაგვარი დამემართა აქ შემოსვლისას, ასე უცბად რომ დავკარგე გზა-კვალი. ერთი ზედმეტი ნაბიჯი გადავდგი, რომელიც სჯობდა არ გადამედგა. დიახ, ერთი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი სულ თავდაყირა აყენებს ყველაფერს ამ ლაბირინთის წიაღში. თითქოს სულ სხვა სამყაროში გადაგსტყორცნის, სადაც ყველაფერი უცხოა შენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ნაცნობი სახეები შემოგყურებენ ყოველი მხრიდან. ეს განსაკუთრებით მაშინ გახდა ჩემთვის ცხადი, როდესაც ერთი წამით სულის მოსათქმელად შევჩერდი. კალეიდოსკოპური სამყარო წამით გაიყინა ჩემს ირგვლივ, უსასრულოდ დანაწევრებულმა ორეულებმა ჩაციებით დამიწყეს ცქერა, შიში და ეჭვი პირდაპირ ღაღადებდა მათ თვალებში. ისევ გადავდგი ნაბიჯი, კალეიდოსკოპური სურათიც სასწაულებრივად შეიცვალა, ორეულებმა სულ სხვა სურათხატება მოჰქარგეს. მე მგონი, ასეთი გარემო ყველაზე მეტად დაუბნევს ადამიანს თავგზას. დარწმუნებული ვარ, სადმე ჯურღმულში რომ დაიკარგო, ალბათ უფრო შეძლებ გზის გაკვლევას, რაღაც ინსტინქტის მსგავსი ამოქმედდება ასეთ დროს, იმის მსგავსად, გადამფრენი ფრინველები რომ იგნებენ გზას. დიახ, ბნელი ჯურღმული უფრო ამახვილებს თანდაყოლილ, მიძინებულინსტინქტებს, ეს ბრჭყვიალა სარკეების ორომტრიალი კი სრულიად გამაოგნებლად მოქმედებს ადამიანზე; არა, აქ გზის გამკვლევის გარეშე ძეხორციელი ვერ გაიგნებს გზას გასასვლელისკენ. თუმცა ეს ბევრმა სცადა, ჯერჯერობით ამაოდ. თუ ვინმე ამას შეძლებს, მას ბროლის ლაბირინთის პაწია მაკეტით დაასაჩუქრებენ.
    ალბათ სიტყვა გამიგრძელდა, ჩემო მკითხველო. მიზეზიც მაქვს: ძალიან მინდა ჩემს თანამგზავრად გაქციო ამ საოცარ ლაბირინთში, ჩემთან ერთად გაჰყვე ლარივით სწორ, კრიალა ბროლის ბილიკებს, რომლებიც თვალსა და ხელს შუა უცნაურად დახლართულ მარყუჟებად გარდაიქმნებიან. ყოველ ნაბიჯზე რომელიმე გამჭვირვალე მახე გიდარაჯებს. შეიძლებოდა უსასრულოდ გეტრიალა ჩაკეტილ წრეში, ერთსა და იმავე სარკეს რამდენჯერმე მიდგომოდი ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ამ დროს კი გექმნება სრული ილუზია, რომ სადღაც შორს მიიწევ. ნეტავი ვის მოუვიდა აზრად სარკეების ასე მზაკვრულად განლაგება, ორეულების მთელი ჯგრო რომ დამახვია თავზე. რა დაუცხრომლად მოიწევდნენ ყოველი მხრიდან. სულ სხვადასხვა სიბრტყეებში, სხვადასხვა ზომების და სიმრავლის. ხან თითო თითოდ, ხან უსასრულო მწკრივებად, ხან გოლიათებად, ხან ქონდრისკაცებად. ხან მყარად იდგნენ ბროლის ბილიკზე, ხან კი ისე გადაქანდებოდნენ, იფიქრებდი, საცაა ძირს დაენარცხებიანო. საითაც არ უნდა გამეხედა, საკუთარი ორეულის რომელიმე ნაირსახეობას ვხედავდი, სხვას არაფერს. ამან ისე მომაბეზრა თავი, რომ აღარაფრის დანახვა აღარ მინდოდა. ხორცშესხმული ურჩხული რომ გამომცხადებოდა, ალბათ სიხარულით გავიქცეოდი მისკენ. საით არ წავედი, როგორ არ ვეცადე, საკუთარ თავს ვერა და ვერ გავექეცი.
    ბოლოს, როცა უკვე ვინ იცის მერამდენეჯერ ავუქციე გვერდი საკუთარი ორეულის ნაირსახეობას, პირდაპირ ბროლის ბილიკზე ჩავიმუხლე დაღლილ-დაქანცულმა. თვალები დავხუჭე და ვცადე რაიმე მომეფიქრებინა. როგორც ჩანს, ალალბედზე სიარული ხეირს არ დამაყრის, რა ხანია ბროლის კედლებს აქეთ-იქით ვაწყდები შუშაბანდში შემოფრენილი ჩიტივით. ალბათ სჯობია, დაველოდო, სანამ ვინმე მომძებნის, სიარულის თავიც აღარ მაქვს. საქმე ისაა, სანამდე მომიწევს აქ ყურყუტი?
    ამ ფიქრებში გართულმა ნელ-ნელა, არც თუ ისე დიდი ხალისით გავახილე თვალები. რამდენიმე წამით გავექეცი საკუთარი ორეულების ჯგროს, მაგრამ სულ თვალდახუჭული ხომ არ ვიქნებოდი? სწორედ ამ დროს ჩემმა მხედველობამ რაღაც ბუნდოვანი გამოსახულება აღიქვა, რომელიც მგონი ორეული არ უნდა ყოფილიყო. იცოცხლეთ, მე თვალები დავაჭყიტე. დიახ, ნამდვილად ასეა. ეს არ არის ჩემი ორეული, ერთმანეთს არაფრით არ ვგავართ... ვგავართ რომელია, სრულიად განსხვავებულია და მგონი ცოტათი უცნაურიც.
   მის თვალებში შიში არ იყო ჩაბუდებული. ნამდვილად ასეა, ამ თვალების პატრონს არაფრის არ ეშინია ამქვეყნად. ამდენად ეს არ შეიძლება ჩემი ორეული იყოს. ნეტავი ვინაა?
შევყურებ, ისიც შემომყურებს მშვიდი, უშიშარი, განურჩეველი იერით... სახის მოყვანილობას მაინცდამაინც მკაფიოდ ვერ ვხედავ, რაღაცნაირი ბრწყინვალე შარავანდედი ავლია ირგვლივ, საკმაოდ ფართოდ განფენილი. მის მიღმა ყველა ხაზი ბუნდოვანია, თუმცა მათი დანახვა დიდად არ მჭირდება, რაც მთავარია, თვალები ჩანან საოცარი სიცხადით და ყველაზე მეტად სწორედ ეს თვალები მხიბლავენ. რითი? რა საკითხავია, საოცრად უშიშარი გამომეტყველებით. როგორ არ გვანან ეს თვალები ორეულთა ჯგროს თვალებს, შიშით და დაეჭვებით რომ იყვნენ სავსენი.
    როგორც იქნა მეღირსა, ვიპოვე ამ ლაბირინთში სულ სხვა იერსახე,. რაღა თქმა უნდა ვეცდები ვნახო, ვის ეკუთვნის იგი, ანუ ვინ დგას ამ მეტად სანდომიანი ორეულის პირისპირ.
სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე, უშიშართვალებიანი ორეულისკენ გაქცევის სურვილით შეპყრობილი. მე ხომ მზად ვიყავი, თუნდაც ხორცშესხმული ურჩხულისკენ გავქცეულიყავი, ოღონდ საკუთარ ორეულს დავმალვოდი როგორმე.
    მაგრამ ადგილიდანაც ვეღარ დავიძარი. რატომ? იმიტომ, რომ უშიშართვალებიანი ორეული მაშინვე გაქრა, მის ნაცვლად კი ურჩხულმა არა, მაგრამ საკუთარმა ორეულმა შემომაფეთა შიშით სავსე თვალები. რამდენიმე წამს გარინდებული ვიდექი, ნეტავი რა ხდება-მეთქი ვფიქრობდი. უცბად რაღაცას მივხვდი, ისევ ჩავიმუხლე ბროლის ბილიკზე, მშვენიერი გამოცხადებაც (მე ამას უშიშართვალებიან ორეულს ამიერიდან გამოცხადებას ვარქმევ), ისევ აღიმართა ჩემს წინაშე მთელი თავისი დიდებულებით.
     დიახ, ასეა, ნამდვილად მახე გახლავთ ეს ლაბირინთი. საკმარისია ადგილის სულ ოდნავი მონაცვლეობა, რომ ყოველივე თავდაყირა დადგეს ირგვლივ. რაღაც ამდაგვარი ხდება ახლაც. ხედვის კუთხე შეიცვალა, მეც ახალი სამყარო ვიხილე, სრულიად განსხვავებული იმისგან, რომელშიც ამდენ ხანს ასე უაზროდ დავხეტიალობდი.
    მუხლებზე დაცემულმა გავწიე მშვენიერი გამოცხადებისკენ... ფეხზე დადგომას როგორღა გავბედავდი... ვაითუ გამქრალიყო და მერე ვეღარც მეპოვნა... თვალსაც აღარ ვაშორებდი იმავე მიზეზის გამო. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ და გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, რომ გამოცხადება სულაც არ აპირებდა გაქრობას. პირიქით, კიდევ უფრო დიდებული და ბრწყინვალე ხდებოდა მიახლოების კვალობაზე. მზესავით ბრწყინავდა მისი შარავანდედი, ორი უშიშარი თვალი კი ორ მნათობს დაემსგავსა... მშვიდი, განურჩეველი იერიც კიდევ უფრო გამოიკვეთა... `მალე, სულ მალე მოვაღწევ შენამდე, - გულში ასე ვეუბნები ამ თვალების პატრონს, მეც ვეზიარები იმ სიმშვიდეს და უშიშრობას, რაც შენში სუფევს...
    სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მშვენიერი გამოცხადება მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცაღა ძალიან მივუახლოვდი... უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, მე მასში გავიარე (თუ გადავფოფხდი), ისე, როგორც საკუთარ ორეულთან შეხვედრისას, ლაბირინთის წიაღში ხეტიალის დროს და მე დავინახე... თოჯინა, დიახ კანფეტის ქაღალდივით პრიალა თოჯინა იდო იმ ბროლის ბილიკზე, სულ მცირე ცდომილებასაც რომ ვერ ჰგუობს და სადღაც დასაკარგავში გადაგტყორცნის ხოლმე.
    ალბათ სწორედ ესაა, რასაც ვეძებ... ნეტავ მეკითხა იმ ბავშვიანი ქალისთვის, როგორი შესახედავი იყო მათი დაკარგული თოჯინა... უწინარეს ყოვლისა, ამ ფიქრებმა გამიელვეს თავში, როცა მეტად უცნაურ სათამაშოს დავყურებდი ჯერ ისევ მუხლებზე მდგომი, ვერ გაიგებდი, რა იყო ცხოველი, ფრინველი, ადამიანი...რომელ ცოცხალ არსებას განასახიერებდა... ყოველ შემთხვევაში ერთი თვალის გადავლებით ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი... თუმცა ეს დიდად არ გამკვირვებია, გამოუცნობ არსებათა ნამდვილი ნიაღვრები მოედინება სათამაშოების სამყაროში. რაც მთავარია, თვალს უნდა გჭრიდეს ბრწყინვალებით. ამის ნაკლებობა აქ ნამდვილად არ იგრძნობა. კანფეტის ქაღალდივით გაუდის ლაპლაპი ბროლის ბილიკზე დასვენებულ დაკარგულ თოჯინას.
    როგორ აირეკლა ეს მომცრო, საკმაოდ სულელური თოჯინა ლაბირინთის ბროლის წიაღმა, მრავალჯერად სიბრტყეებში გამოატარა და უცხო ჩვენებად აცია, გოლიათის განფენილობა მიანიჭა ნაირფერად შარავანდედში შემოსილს... მეტად უცნაურად მეჩვენება ეს ყოველივე. ალბათ ღირს ამაზე დაფიქრება, მაგრამ ამისთვის არ მცხელა. თოჯინას მიღმა გასასვლელს ვხედავ. აი ესაა ჩემთვის ახლა მთავარი... თოჯინაც სულ უფრო და უფრო სანდომიანი მეჩვენება, მის თვალებში შიში არ ჩანს... ჰო, საზიზღარი ცხოველური შიში არ იკითხება მის გამოხედვაში. ამით ნამდვილად ჰგავს იმ უცხო ჩვენებას, დაუძლეველი ძალით რომ მიმიხმო თავისკენ ბროლის ლაბირინთში ხეტიალისას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი