დაგვიანებული საჩუქარი
ყაჩაღი ნაცად ადგილას ჩასაფრებულიყო, საგანგებოდ გალესილი ხანჯალი მაგრად ჩაებღუჯა. მთლად ცარიელ - ტარიელი არ ყოფილა, უბეში რამდენიმე ოქრო ეყარა, მაგრამ თუ მსხვერპლი გამოჩნდებოდა, ცხადია, უარი არ ეთქმოდა, ამიტომაც გზას არ აცილებდა ფხიზელ თვალს, იქნებ ვინმე მოხეტიალე ვაჭარმა გამოიაროს ან იერუსალიმის ბაზრობიდან მობრუნებულმა გლეხებმაო. ამაოდ არ ჩაუვლია ლოდინს, სამი მოგზაური გამოჩნდა, თანაც ისე ანაზდად, თითქოს ციდან ჩამოვარდნენ. მეტად უცხო შესახედაობის იყვნენ. მეფეთა საკადრისი სამოსელი უელვარებდათ. დიდი მონდომებით მიიჩქაროდნენ სადღაც, ისე, რომ არც აქეთ იხედებოდნენ, არც იქით. რაღაცას მეტად დაეპყრო მათი ყურადღება. ეს ყველაფერი თვალის ერთი გადავლებით შეაფასა ყაჩაღმა. ისიც ინიშნა, სწავლა - სიბრძნის მსახურნი რომ უნდა ყოფილიყვნენ მოგზაურები; ღრმააზროვანი, გამსჭვალავი იერი ჰქონდათ. ასაკითაც ხანდაზმულობისაკენ მიხრილნი ჩანდნენ. ალბათ დიდ სიმარჯვეს ვერ გამოიჩენდნენ ხელდახელ ბრძოლაში, ამიტომაც ბევრი აღარ უფიქრია ყაჩაღს, სამალავიდან გამოხტა, ერთ ერთ მოგზაურს მიეჭრა ხანჯალამოწვდილი. შეპყრობა დაუპირა. დანარჩენ ორს დასჭყივლა, შესდექითო. ეს ნაცადი ხერხი იყო, იმ ერთს ფარად გამოიყენებდა და სხვებსაც დააჩოქებდა, მაგრამ უცნაური რამ მოხდა; მოგზაური სრულიად თავისუფლად გაუსხლტა ხელიდან ისე, რომ ყაჩაღმა მისთვის თითის დაკარებაც ვერ შეძლო; მაშინ ხანჯალი მოუქნია მარცხით გაცოფებულმა ყაჩაღმა, მაგრამ ხელი მოჭრილივით ჩამოუვარდა. ერთი წამით შეცბა ყაჩარი. მიხვდა, რაღაც მეტად უჩვეულო ფათერაკს რომ გადაეყარა. უკან მაინც არ დაიხია. მეორეს მივარდა ხანჯალამოწვდილი, მთელ თავის ძალას და სიმარჯვეს მოუხმო, მაინც ხელი მოეცარა. სცადა, მესამეს მიწვდენოდა. ვერც იმას დააკლო რამე, თითქოს ნიავ - ქარზე მიეტანოს იერიში. მესამე მარცხის მერე ყაჩაღმა თავი ანება უგერგილო მცდელობას. გაოცებული შეაჩერდა მოგზაურებს, რომლებსაც ოდნავადაც არ დასტყობიათ, თუ რაიმე შემაფერხებელი შეხვდათ. ისევ ისე შეუნელებლად მიისწრაფოდნენ სადღაც. უფრო მეტიც, ზედაც არ შეუხედავთ ყაჩაღისთვის. თითქოს უღონოდ აწკავწკავებული ძაღლი ასდევნებიათო. ყაჩაღი გვერდზე მიდგა, ქვაზე ჩამოჯდა გზის პირას, ცდილობდა გონს მოსულიყო. ცალკე იმან გააკვირვა, მოგზაურები სადღაც უჩვეულო სისწრაფით რომ გაუჩინარდნენ, თითქოს ცისკიდურს მიღმა გადააბიჯესო. კარგა ხანს იჯდა გაოგნებული, თავი მძიმედ ჩაექინდრა. ეს რა უცნაური რამ შემემთხვაო, ფიქრობდა. რამდენ ვინმეს დასხმია თავს, რამდენნაირ ფათერაკში გაბმულა, ხან გაუმარჯვია, ხან დამარცხებულა. მსგავსი არაფერი შეხვედრია. სიმღერის ხმამ გამოაფხიზლა. თავი ასწია, ხედავს, გზაზე რამდენიმე ადამიანი მოაბიჯებს. რაღაც მეტად გახარებულები ჩანან. მღერიან, გალობენ ლოცვებს, თითქოს დღესასწაულიაო. ყაჩაღმა მათ გულგრილი მზერა შეაგება, მისი თვალი მსხვერპლს აღარ ეძიებდა გზაზე მოსიარულეთა შორის. ისინი თვითონ შეეხმიანენ. - ღმერთი დაიბადა!- მიახარა მომღიმარმა ჭაბუკმა. დაახლოებით მისი ხნის იქნებოდა. როგორც ძველ ნაცნობს, ისე მიმართა. ყაჩაღმა ახალგამოღვიძებულივით შეხედა, თითქოს ვერ გაიგონა რამე. - ჰო, ღმერთი დაიბადა. აი იქით, ბეთლემში, - დაადასტურა ჭაღარა კაცმა, მწყემსს ჰგავდა ერთი შეხედვით. სახეზე მასაც აღტაცებული ღიმილი ეფინა. - ღმერთი დაიბადა, ღმერთი დაიბადა! - ახმიანდნენ სხვებიც. ყაჩაღს სახეზე გაოცება დაეტყო. მოზეიმე ხალხი კი ერთმანეთს აღარ აცლიდა, ისე ყვებოდნენ, რომ გასულ ღამეს მიტოვებულ გომურში დაიბადა ღმერთი. ახალშობილს თაყვანი სცა და საჩუქრები მიართვა სამმა მოგვმა, რომლებიც შორი გზიდან მოვიდნენ. დაწვრილებით აღწერდნენ მოგვების გარეგნობას. ყაჩაღი ახლა უკვე ყურადღებით უსმენდა. რამდენიმე კითხვა თვითონაც დაუსვა მათ. დარწმუნდა, აღწერილი მოგვები სწორედ ის მოგზაურები იყვნენ, თვითონ რომ დაესხა თავს. მახარობელი ხალხი ისევ გაუდგა გზას სიმღერით და გალობით, ყაჩაღი კვლავ მარტო დარჩა. ფეხმოუცვლელად იჯდა ღრმად ჩაფიქრებული. მერე ისევ გამოჩნდნენ მახარობლები. ახლა უკვე სხვები; იმათაც მიახარეს, ღმერთი დაიბადაო. მოგვთა თაყვანისცემის შესახებაც უამბეს. ესენი მიეფარნენ თუ არა თვალს, ვიღაც მარტოხელა გამოჩნდა, ისიც იმავეს მოყვა, მოგვთა თაყვანისცემა საკუთარი თვალით ვნახეო, ზეიმობდა სიხარულით. ღმერთი დაიბადა! თითქოს თვით ჰაერში ისმოდა ეს სიტყვები. . . ბოლოს ყაჩაღი გამოერკვა. მოსცილდა იმ ადგილს, სადაც ამდენ ხანს ჯადოშეყრილივით იჯდა. დაადგა გზას ბეთლემისაკენ. შეუსვენებლად იარა, მიაღწია იმ გომურს, რომელსაც მახარობლები აღწერდნენ, მორიდებით შეაბიჯა შიგნით. მოათვალიერა. ახლა იქ აღარავინ იყო. ოღონდ ადამიანების ნაკვალევი ცხადად ჩანდა. იქაურობა უამრავ ნაფეხურს გადაეჯეგა. ყაჩაღმა იმ ხმელ ნარსაც მიაგნო, სადაც ღმერთის დედა უნდა წოლილიყო შვილთან ერთად. ყაჩაღი დაფიქრებული დააცქერდა, წამით თითქოს ქანდაკებად იქცა. მხედველობას ძალას ატანდა, ცდილობდა გონების თვალით დაენახა, თუ როგორ უძღვნიდნენ საჩუქრებს მოგვები ახალშობილს. როგორც იქნა, გამოფხიზლდა ყაჩაღი. თავი დააღწია ცხად ზმანებას, გასასვლელისკენ გაემართა. უცბად შედგა, თითქოს რაღაცა გაახსენდაო. უბეში ჩაიყო ხელი, რამდენიმე ოქრო ამოიღო და მდაბლად წელში მოხრილმა დადო ხმელი ნარის გვერდით. ამ დროს უდიდესი მოკრძალება გამოეხატა სახეზე, მის ხმაშიც მოკრძალება ჟღერდა, როცა მისთვის უცნობ ახალშობილ ღმერთს მიმართა: „იქნებ ვინმე სხვამ იპოვოს აქ თავშესაფარი გაჭირვების ჟამს, ამისთვის ვტოვებ ამ ოქროს. შენ ვერ შემოგკადრებ. . .“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი