ჭილოფშია გახვეული დედოფალი


სადედოფლო ძვირფას კაბას მტვრით სვრის ქარი,
აცლის ზურმუხტს, სადაფს და ლალს
ოქროს გვირგვინს.
ტირის, კვნესის გაძარცული  დედოფალი,
ვუყურებ და ღმერთო ჩემო , როგორ მიკვირს...
რად სჭირდება სილამაზეს ბარხატების
გულისპირზე ძოწეულის მიმოფანტვა,
რად სჭირდება დედოფლობას დარბაზები
და წარსულის დედოფლების გადახატვა.
იქნებ უფრო მეტი არის დედოფლობა,
ვიდრე ოქროს გვირგვინი და უცხო კაბა...
არც  ვარდს უჭირს კეკლუცობა, სატრფოს ხმობა,
აალებულ ასფურცელზე ფრთოსნის გაბმა,
 მაგრამ როცა ესტუმრება ფერთა ჭკნობა,
რა დარჩება? გადარჩება მისგან რაღა?
იმაისებს... ტანს აიყრის სულ სხვა ვარდი,
სულ სხვა მგოსნებს აამღერებს მისი ტრფობა...
სხვა ტარიელს მიიჯაჭვავს დარეჯანი,
სხვა ავთანდილს მოუნდება ქალის ქმრობა...
უნდა დარჩეს, უნდა დარჩეს მისგან რაღაც,
რაც იცოცხლებს, არ მოუწევს, რასაც ქრობა...

მე მგონია უბრალოა დედოფალი,
არ სჭირდება დიდება და მგოსნის ხოტბა,
ჭილოფშიც და თვლებით ნაქარგ მოსასხამშიც,
მას უთუოდ შეეტყობა დედოფლობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ3 თვის წინ

ძალიან მააგრი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი