პირველი ენძელობა


მოუთმენლად ელოდა ელიზბარი მარტს. თებერვალს წუთებს უთვლიდა. ყოველი ცისკრისას მაჯას უსინჯავდა მიწას, ე, მანდ  ენძელების პირველი  ყვავილობა არ გამომეპაროსო. ჩამოჯდებოდა სოფლის განაპირა, დიდ ლოდზე, დახეულ ჩოხაზე შალმოხვეული , ხან სივრცეს გაჰყურებდა დამუნჯებული, ხან წერდა. დროდადრო დამჭკნარი ხელებით თვალებს იმშრალებდა , მერე ისევ უაზროდ გაუშტერებდა თვალს  ჰორიზონტზე მხოლოდ მისთვის ხილულ წერტილს.
- ვაი, ელიზბარიო!-  შიშით შეჰკივლებდნენ და გაიქცეოდნენ სოფლის ბავშვები ,
თუკი  შარაგზაზე  შემთხვევით დაძონძილი ძველმანებით შემოსილ ელიზბარს გადააწყდებოდნენ. სწყინდა ელიზბარს!   ბავშვებმა მაინც, როგორ ვერ ამოიცნეს ჩემი კეთილი სულიო?!  გაეგო და ღრმად სწამდა , რომ ბავშვები და  ცხოველები პირველები სცნობენ მართალ ადამიანებს.  რამდენადაც ბავშვების სისპეტაკის სწამდა, იმდენად მეტად სტკიოდა გული. ხანდახან ეჭვიც კი შეეპარებოდა ხოლმე საკუთარ თავში, სიმართლეში , სიკეთეში.
 სხვა არაფერი გააჩნდა ელიზბარს , გარდა სიკეთისა  და სიმართლისა. მართლაც და კაცი არ მოიპოვებოდა ქვეყნად, ელიზბარისგან სიავე ხსომებოდა, ან  რაიმე გადაკრული მოესმინა  მისგან.  ან ვინ უსმენდა ელიზბარს , ვის ეცალა მასთან სალაპარაკოდ?! სოფლის კაცები სალამს ძლივს მიუგდებდნენ. ამაოდ ცდილობდა  ელიზბარი საუბრის გაბმას, ხან ამინდზე ჩამოაგდებდა სიტყვას , ხან ნათესებში შემოჩვეულ მახრაზე, მაგრამ ამაოდ.   სამადლოდ შეიპატიჟებდნენ დედაკაცები, ტაბლაზე ჭადსა და ყველს დაუდებდნენ. ელიზბარიც სიხარულით აღარ იყო, გამოცოცხლდებოდა, აქაოდა უჩინარი არ ვყოფილვარო, ღმერთმა ხმის გამცემი გამომიგზავნა, დიდია , უფალო, შენი წყალობაო! - იტყოდა  და ერთი ჭიქით  დაულოცავდა მასპინძელს ჭერს , ოჯახს, დოვლათსა და ბარაქას უსურვებდა,- უფალი იყოს თქვენი წინამძღოლიო - დააყოლებდა ბოლოს , ჭიქას გადმოაპირქვავებდა და ზე წამოდგებოდა. ქედის მოხრით  მადლობას შესწირავდა  დიასახლისს , ჩრჩილისგან ნაჭამ ქუდს ჩამოიფხატებდა  თავზე, გამოგლეჯილ ტყავის ხელჩანთას ამოიღლიავებდა და მადლიერებით სავსე თავის გზას დაადგებოდა. მიდიოდა... მიდიოდა კი არა, მიფრინავდა ელიზბარი, მაგრამ ერთი კი იყო , არავინ იცოდა საით მიდიოდა მისი გზა, თავადაც არ იცოდა თორემ...

ნაკლებად ადარდებდა ელიზბარს, სად მოუსწრებდა ბინდი, მიდიოდა... მიწას ყურადღებით აკვირდებოდა , შემთხვევით ჭიანჭველების ბუდეს არ დავაბიჯო, ამ უმწეო არსებების ცოდვა კისერზე არ დავიდოო. უეცრად შეჩერდებოდა ელიზბარი, დახეული ტყავის ხელჩანთიდან  საწერ ფურცლებსა და მელანს ამოიღებდა და წერდა , ღმერთმა უწყის რაზე!
 დილის ნათელს თავისი გაეტანა, ბინდი გატეხილიყო! საფლავის ქვასთან ბავშვივით მოკუნტულიყო ელიზბარი, ხელში ქორფა ენძელები შერჩენოდა, თავი ზედ ლოდზე ჩამოედო. აღარ სუნთქავდა ელიზბარი!  დანაოჭებულ ღაწვზე წვეთი ცრემლი შეჰყინვოდა. არასდროს უდარდია სიცოცხლეში ელიზბარს, საით წაიყვანდა გზა. ალბათ დანამდვილებით იცოდა, რომელ გზასაც არ უნდა დასდგომოდა, ყველას ბოლო ერთ იქნებოდა- სოფლის განაპირას პატარა სასაფლაო. იცოდა ელიზბარმა , სად იყო მისი სამარადისო მისამართი.
ენძელებით ხელში , ბავშვივით მოკუნტული იწვა ელიზბარი. ვინ იცის კიდევ რანდენ ხანს იქნებოდა შეუმჩნეველი ცოცხალთათვის, კაცი , რომელსაც  პირველი ენძელობა არასდროს გამოპარვია, მესამე დღეს   სოფლის მესაფლავე რომ არ წასდგომოდა შემთხვევით თავს. 
- ეჰ, ჩაუბარებია სული უფლისათვის ამ მართალ კაცს!- ჩაიბუტბუტა მესაფლავემ  და მიცვალებუულის წინაშე ქუდი მოიხადა.
როგორ გაიხარებდა , ალბათ ელიზბარი , მესაფლავის სიტყვები რომ მოესმინა, სიხარულისგან თავიდან გარდაიცვლებოდა ალბათ.
  როგორც მიცვალებულთა წესია,  პატივით დაკრძალმა სოფელმა ელიზბარი.  სოფლის ყველა მამაკაცმა ჭიქა ასწია მის საფლავთან მისივე სულის საცხონებლად.
ალბათ ზეცაში ხარობდა ელიზბარი! 
- როგორი სიყვარული სცოდნიაო, საწყალს!- ჩურჩულებდნენ სოფლის დედაკაცები.
 მარტობდა მარტი... ხან  მზე დანათოდა სოფელს, ხან თოვლი გამოერეოდა წვიმას. ენძელები კი ,ავდრის მიუხედავად, ჯიუტად ამოდიოდნენ და ამოდიოდნენ ელიზბარის საფლავზე, თითქოს მადლობას უხდიდნენ  იმ დაუღალავი მოლოდინისთვის და ერთგულებისთვის მარტიდან მარტამდე რომ   გულით დაატარებდა ელიზბარი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
დავით ანასტასიადისანასთეიშენ3 თვის წინ

ძაან მომეწონა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი