შენზე გადაწნული ძარღვი გამომიღეს ( ორბი ბოდაველის ბარათები ნათიას)
ყელში, ყელში დუღს და ვეღარ გადმოვიდა შენი აქ არ ყოფნა, ცრემლად წოდებული... ხედავ, რა ყოფილა, იმ გულმაგრობიდან ამ გულჩვილობამდე სარმა მოდებული... შენი ვეღარ ნახვით კისერგაბაწრული ვდგავარ სადანაოდ შენ რომ მიხუტებდი... სისხლის წვეთამდე ვარ შენზე გადაწნული, შენი აღარ მოსვლის ჟინით ვიხუთები... შენი ვეღარ ნახვით ყოფნას ვეგუები, მუდამ შენთან ყოფნის მარილს დაჩვეული, ნტავ რანაირად აღარ გეყურები, შენი არტერიის რიტმზე დამჩნეული. თითქოს წვივდალეწილს ჯვრიდან მარიდებენ, თითქოს მეპატია წლები არსებობის... თითქოს უშენობა მე ვერ ავირიდე, და ვერც შენთან ყოფნის ცოდვას ავცდებოდი... ვდგავარ, ან არც ვდგავარ,სადღაც ყელგაბდღვნილი, იქნებ აღარც გყავარ მაღვარ-მაქუხებლად... ლომურ სიამაყის ცეცხლზე შეჯანღილი, ვეღარ გადმოდუღდი გულის საბუხრედან.. იქნებ აღარც გყავარ... ჯვრიდან ჩამომიღეს... შენი მოსვლა-წასვლის წერით ატანილი... შენზე გადაწნული ძარღვი გამომიღეს, და ზედ დამახვიეს ტანზე ლატანივით.. . იქნებ აღარც გყავარ,დანაგამოსმული კისრის ძარღვებიდან სხვა რას დავკარგავდი... შენი ფილტვებიდან ჩემში გადმოსული შენ თუ გადმომიხვალ სისხლის ნაკადამდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი