მერე რაა,რომ საქართველოა


მერე რაა, რომ საქართველოა
და კიდევ არსად - სხვა საქართველო? -
სიავე იქცა აქაც ხელობად,
ლამის ერთურთი აქაც გათქერონ!..

როგორ მოხშირდა უცხო ნადური,
როგორ სანსალებს ენა სხვათანი!..
ჩვენ კი მრისხანედ მუშტშემართულნი,
სხვა საქართველო, - ვყვირით,
სად არი?!

მერე რაა, რომ საქართველოა? -
აკი იქედნე დაძრწის ბაღნარშიც?!
იყავი თუნდაც დავით მეოთხე, -
საშველს არ მოგცემს ლანდი ბაღვაშის...

გაუტანლობის შავი ლაქები,
სავარდოში რომ ჯაგნარს შემოშლის, -
სწორედ ეს არის სხვა საქართველო
აქვე, სრულიად საქართველოში!..

შაჰსაც წამოსცდა ერთი სიმართლე,
მიხვდა ქართლისთვის კუბოს გამთლელი:
ვერარა მტერი ვერ ძლევსო ქართველს,
რომ არ მტრობდესო თვითონ ქართველი!..

მერე რაა, რომ საქართველოა -
დიდგორის გმირი და ნადიმარი? -
გაივლის დრო და ჩაისახება
ყორღანაშვილი და შადიმანი!..

ახლაც მკერდს მინგრევს
ბოღმა იმ დღისა,
ახლაც სირცხვილით მიხურს
ყვრიმალი:
ზედ ბაზალეთთან ძმათა სისხლის ღვრას
აკი მიაძღნენ სვავნი მყივარნი?!

მერე რაა, რომ საქართველოა,
მხარე თავდგმული შოთას წინითა? -
ციხეს ვერ ნახავ, - იმერ-ამერში,
არ გაეტეხოს თვისტომს შიგნიდან...

მერე რაა, რომ საქართველოა, -
გაიშლი გზისპირს სუფრას ნელიად
და უცებ ჩრდილი თავს წაგადგება,
აიხედავ და... კუჭატნელია!..

მერე რაა, რომ საქართველოა? -
სისხლის ცრემლი სწვავს ყელში გაჩრილი! -
ჩაგისაფრდება სადღაც სიგლახე,
ვით წიწამურთან - ბერბიჭაშვილი!..

... რა გამოლევსო, თქმულა,
მჯობთა მჯობს,
ის მჯობთა მჯობიც გამოლეულა!..
მერე რაა, რომ საქართველოა! -
ბედმა უკუღმა გაიმარტვილა...
სულ რომ არ იყოს, ალბათ
სიკვდილსაც
იწვევდა კაცი უფრო ადვილად!..

მაგრამ არის და, სწორედ ამიტომ
თავს ახვევია ყორანთ გუნდები...
საქართველოში მთელი სიცოცხლე
საქართველოსთვის ბრძოლას ვუნდებით!..

წყარო: kids.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი