...


ქალაქს წვიმის ნაკვალევი მოედო და
ყველა ცოდვას გოლგოთა სთხოვს პატიებას. 
დამიჯერე,  სულ არ მინდა პოეტობა, 
ყველაფერი სიკვდილივით მარტივდება. 

ეს სიზმრები ერთხელ უკვე ნაცადია, 
ამ სიზმრებმა მონატრებაც არ იციან. 
გულმა ისევ განიცადა გრადაცია, 
სულს იკავებს თვითმკვლელობის ამბიცია. 

მარტივ რითმებს ვეღარ ვავსებ მოლოდინით, 
ლექსში ისევ ჩამსხვრეული ფანჯრებია
და სიტყვები არეული კროსვორდივით
სვეტებში და სტრიქონებში ვერ ჯდებიან. 

ახლა ხელებს,  ჯვარცმულ ხელებს ავიფარებ
თვალებზე და ეს ხელებიც ნახვრეტია. 
სიგარეტის ბოლო ბოლით აივანზე
ჩამოვჯდები (ეს ბოლიც ვერ ჩავიტიე). 

გავეცლები სავსე ქუჩის ცარიელ ხალხს
ყავასა და ამინდს დავლევ ნალექიანს. 
გავიღვიძებ ღამით სიზმარს გამოვხეთქავ, 
მივხვდები,  რომ ღამე უფრო ნათელია. 

მიმოვძებნი მონატრების არქივებში
დღეებს,  უკვე უშენობით გარდასულებს. 
გავალ მერე  და სიცოცხლეს დაფიქრებით
ლექსის ბოლო ტაეპივით დავასრულებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი