გაუმხელელი ფიქრები
მახსოვს ბავშვობა, სოფელი და სოფლად ორღობე, ჩუმი ჩურჩულიც, ღობის ჩქამში და ჩრდილთა შუქი. მე კი ამ ჩრდილში, ამ ჩურჩულში რა არ ვიღონე და შენ კი მაინც შავი თვალი ვერ მომაშუქე. მახსოვს მინდორი, მინდვრის ბოლოც და მინდვრის თავში ტოტებშემხმარი ხეჭეჭური. შენ მერყეობდი. ჩვენ იმის ძირში ვზღაპრობდით და ზღაპრულ ნიავში, რას არ ვფიქრობდი, მაგრამ მაინც შენ ვერ გეტყოდი. ისიც მახსოვს, რომ მოვდიოდით სკოლიდან სახლში და შენი ჩანთა მთელი გზა რომ ვზიდე ერთგულად. გატეხილობა მეტყობოდა ყველა სიტყვაში, მაგრამ კმაყოფილს, შენი გული საბნად მეხურა. რა გაგრძელებაც ჰპოვა ამან, კი ვხედავ ახლა. მოგონებები გულის გულში გადამალულა. რომ მომინდება ბავშვობის ბავშვურად ნახვა, ამ მოგონებებს თავს წავუხსნი ჩუმად, მალულად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი