სოფელში მარტოდ


მოთოვს და არ უფრთხი ამ თოვში ყურებას 
ეზოში,  სადაც რომ სახლია ფიცრული. 
იმ სახლთან კანკალებს გრძელბეწვა მურია, 
გაურბის ყინვას და სიცივეს ისრულებს. 

ძაღლს არ სურს იფიქროს ყინვაში ყინვაზე, 
რადგან მის ზურგს ზევით სარკმელი ღიაა, 
აი იმ სარკმელში ეწევი სიგარეტს
და თოვლი ასრულებს ჰანგებზე სიმღერას. 

ისე თოვს,  სოფელში სახლები გმინავენ
და რამდენ კიბესთან კვალი არ მისულა. 
შენს გარდა სოფელში ვინ მოდის,  ვინ მიდის, 
ისუნთქავ შენს ნაბიჯს დასანგრევ ფიცრულთან. 

გრჩება ილუზიად თავის გადარჩენა, 
სიზმრად იმ ხალხს ნახავ,  ვინც გვერდით სულ გყავდა. 
იცი,  რომ მურია თოვლსზევით დაგრჩება, 
იცი რომ ამ ქვეყნად სულ ერთად იყავით. 

თოვლით გადათანგულ სოფლის ორღობეში, 
კაცის ხმას და ძახილს ვერსად ვეღარ ნახავ. 
მურიას დარჩება ზამთრის მოგონება, 
საქმესთან დარჩება მხოლოდ მესაფლავე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი