სახლი ავაშენე


ქვები ავაგორე,  ქვები დავაგორე და სახლი ავაშენე. 
 ქვები დავთალე, ქვები მოვრწყე და სახლი ავაშენე. 
მივედი,  ქვას დავუკაკუნე კარზე და ჭიანჭველებმა გამომხედეს. 
 ჩემი სუნი ეცათ და გამომხედეს,  
ქვითხუროს სუნი ეცათ და გამომხედეს, 
 ცაზე ელვამ გაიგრაგნა და გამომხედეს,  რა გინდაო და თავდახრილებმა გამომხედეს. გამომხედეს და გამომხედეს.  

ქვა მოვთხოვე. 
სახლს ვაშენებ-მეთქი და მოვთხოვე. 
დაიხოცეთ-მეთქი,  მოვთხოვე. 
აკვანში პატარა ჭიანჭველა გვიწევსო - მომიგეს. 
შენზე უარის თქმა გვიწევსო - მომიგეს. 
მე დავმარცხდი,  მათ - მომიგეს. 
მივდექი-მოვდექი,  ვიშვიში დავიწყე, ხელები გავასავსავე,  
ქვა შევანჯღრიე, 
ქვა წამოვიღე,  ცოდვაც შევანჯღრიე და ცოდვაც წამოვიღე. 
ქვა მოვიტანე და სახლი ავაშენე, 
 შვილებს ავუშენე.  
წვიმა დაიწყო და სახლი ავაშენე, 
ბავშვები შევიყვანე სახლში და სახლი ავაშენე. 
სახლი დავანგრიე და სახლი ავაშენე, 
ცოდვა მოვიკიდე და სახლი ავაშენე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი