მაისის პეპლები
ვაშლის ყვავილებმა ჭიანჭველებს დაუთმეს ადგილი და დაცვივდნენ. თუ იციან მაისის თვეში, ამ მთვარიან ღამეში, ფანჯრის რაფაზე მსხდომმა პეპლებმა, რომ ერთი დღის სიცოცხლე დარჩათ? - არა, არ იციან. მაისია და თბილად აცივდა. ხვალ კვდებიან და მაინც არ სცივათ, სისხლი ეყინებათ და მაინც არ სცივათ. ჩამოუჯდებიან ერთმანეთს დახეულმოდური ჯინსივით დაფლეთილ ფრთებზე, ნაოჭებიან ფრთებზე, გაჭაღარავებულ ფრთებზე, ფუნქციადაკარგულ ფრთებზე, ვერგაფრენილ ფრთებზე და მოუყვებიან მაისის ღამის ზღაპრებს, ბედნიერ ციცინათელებზე ზღაპრებს, არარსებულ ზღაპრებს, ზღაპარივით ზღაპრებს. დაუწნავენ ერთმანეთს ახალგაზრდობაში ნახულ გვირილებს, მინდვრის გვირილებს. ერთმანეთის გაცნობის გვირილებს. იმ გვირილებს, ბავშვი რომ უმღეროდა "დაჯე, დაჯე პეპელაო". ხვალ ვაშლის ყვავილმოცლილი კვირტებიდან ჩამოირბენენ ჭიანჭველები. აირბენენ ხის სახლის ფანჯრის რაფაზე და ნახავენ ფრთა ფრთაზე მიტოლებულ უსულო პეპლებს, მჩატე პეპლებს, გარდაცვლილ პეპლებს. ჭიანჭველები მიცვალებულს შემოუვლიან, ჭიანჭველებს ტანში ჭიანჭველები დაუვლიან, მოიგდებენ მხარზე პეპლებს და წაიღებენ. წაიღებენ და წაიღებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი