მამაჩემი
ერთ დღესაც ავდექი და მამაჩემი გავხდი. მივდექი, მოვდექი და მამაჩემი გავხდი. მამა მომენატრა და მამაჩემი გავხდი. გავიხადე ბავშვობა, ჩავიცვი მამაჩემის სული და მამაჩემი გავხდი. სახლის კარები შევაღე, მზე ზურგს მითბობდა და ჩრდილმა შემასწრო ოთახში. ჰოდა, ადგნენ ჩემი მამამონატრებული შვილები და ჩრდილს დააცქერდნენ, იცოდნენ, რომ ჩრდილის ბოლოს მიწებებული მე ვიქნებოდი და ჩრდილს შევყვებოდი ოთახში. ადგნენ და შემოეხვივნენ ჩრდილს. მეც შევყევი. მომეხვივნენ ჩრდილზე. ჩრდილიც ჩემია. ალერგიულ მიწას კენჭები გამოაყარა, სადაც ჩემი ჩრდილი მოხვდა. ოთახში ვეძებე ჩემი ჩრდილის მოსასვენებელი ადგილი და მოვისვენე. წყალი დამალევინეს, თვალსაც დავალევინე წყალი. ავდეგი და მამაჩემი გავხდი. სხვა რა გზა მქონდა და, გავხდი. ასეთ დროს რას არ გაიღებენ შვილები, როცა მამა მიდის სახლში. რას არ გაიღებენ ქმარმკვდარი ცოლები. ჰოდა მამაჩემი გავხდი. მამაჩემი გავხდი და გავიხადე რეზინის ჩექმები. თოვლის ნესტისა და ოფლის ოხშივარი მოდიოდა ჩექმებიდან. ჰოდა მონატრებოდათ ეს სახლში ჩემებს. ჩრდილს ვანიშნე და ბავშვები კალთაში ჩაისვა, მოეფერა, მითხრა არ აითვალცრემლოო. ჰოდა, არ ავთვალცრემლებულვარ. ავდექი და წამოვედი. დავტოვე ჩრდილი. მას აქეთ მამაჩემი გავხდი... რა მოკლავს კაცს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი