მეგობარო
ჩვენ ვიარეთ და მოვიტოვეთ მოსატოვები, ვნახეთ შავ-თეთრი ბავშვობა და გრამაფონები გვიმღერიდნენ და მარტივად მიგვეტევება, თუ დღეს რამ დაგვრჩა იმ დროების მოსაგონარი. ვშლიდით ფოტოებს, კედელზე - ცარცს, წვიმაში - ქოლგებს და ვთამაშობდით ტალახბურთს თუ ტალახობანას. მიმოვდიოდით ოცნებებში (რაც ბლომად გვქონდა), ოკეანეში დავცურავდით გასართობად და დროის მოკვლისთვის, ან სურვილის, ან იმ ბავშვობის, რომელიც ასე მოსაგონრად კარგია არც თუ. ვერასდიდებით ვერ ვეტყოდით ვერც ერთი მშობლებს, რომ ეფეშქაშათ ხურდები და ვაბამდით მავთულს ტელევიზორზე, რადგან ასე უფრო "იჭერდა". მაშინ ქუხილი ამ ტრამალზე ისმოდა უფრო, ახლა ხომ ხედავ ის დროები ყელში გვიჭერს და ცხოვრება ასე მდორედ მიდის და აღარ ხუმრობს. ჩვენ მეგობარო, მოვიტოვეთ მოსატოვები, ეზო, სოფელი, შარა გზა და შარის სიშორე. მიმოიფანტნენ, არსად ჩანან ჩვენი ტოლები, და ლუკმა-პურიც ტუსაღივით ვეღარ ვიშოვეთ. დავიზარდეთ და დავლოთდით და დავშორიშორდით, აღარც ის ხიდი შერჩენია სოფლის მდინარეს, სადაც პაპიროსს ვაბოლებდით, სადაც გაგვშოლტეს მოწევისათვის და ეს დაგვრჩა მოსაგონარი. ახლა ბახჩაც არ დაუღობავს დავით ბაბუას, ერთხელ ჭყინტისთვის მის ბახჩაში რომ შევიპარეთ. შვილები ომში, სხვის მიწაზე დაუკარგია და თვითონ კაცი შარშან იყო, რომ მივაბარეთ. ახლა ამას გწერ მეგობარო, და რა ხანია სიზმრები მკორტნის კოშმარული, რა აღარ ხდება. მე კი არ ვიცი ამ დრომდე, რომ თუ ცოცხალი ხარ და ეს სიზმრები არ ამიხდეს, ნუ გამართლდება. რა აღარ ვზიდეთ, რა დარდი და რამდენი ფიჩხი, რომ გაგვეჩაღა ტყის მახლობლად დიდი კოცონი. ახლა იქედან ნაცარი და ფიქრები დამრჩა, ახლა ეს ლექსიც აგერ გდია, იმ დროს რომ ჰკოცნის. ... ჩვენ ვიარეთ და მოვიტოვეთ მოსატოვები, ვნახეთ შავ-თეთრი ბავშვობა და გრამაფონები გვიმღერიდნენ და მარტივად მიგვეტევება, თუ დღეს რამ დაგვრჩა იმ დროების მოსაგონარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი