სამი ოჯახი


გადაფარვოდა  თოვლის ქურქი დათოვლილ სოფელს
და იქ, მაღლობზე მოშორებით ქუჩის დონიდან,
სულ რაღაც სამი მეოჯახე  ხარჯავდა ღონეს.
შეშა კი არა, თოვლი უფრო მეტ ხანს ჰყოფნიდათ.

ჰყეფდა ჩამტვრეულ კიბის ძირში ძაღლი კნავილით,
იყო ღამე და იყო თოვა, თოვა დეკემბრის.
იყო სოფელში სამი ბუხრის გამოძახილი,
იყო ტოტები ჩამომხმარი ხმელი ნეკერჩხლის.

უმთვარო ღამეს იოტი სითბოც არ მოჰყოლია,
ან ამ გაყინულთ მთვარეც თითქმის აღარ სჭირდებათ.
სამი სახლიდან ღმერთი ახლა ისე შორია,
ღმერთამდე მანძილს სამი კვამლი აკავშირებდა.

თუმცა რა უნდა ამ ყინვაში ღმერთსა და მშველელს,
უფრო ხშირია ორღობე და ხეთა ხერგილი.
რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამ სამს დაჰშვენდეს,
დაჰშვენდეს და სთქვა, რომ ყოფილან გადარჩენილი...

ჰა, შეწყდა კვამლი - ძაფი ცაში ვეღარ მიიკვლევს, 
ვერ ისმენს ძაღლი, ვერც ლაპარაკს, ვერც მიმოძახილს
და არც არასდროს დაივიწყებს სოფლის ბილიკებს,
რომლის თავშიაც კერა იყო სამი ოჯახის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი