ვარდები


გუშინ ვარდები გადავყარე, მკვდარი ვარდები,
როცა მივხვდი, რომ ბუტაფორულ სიყვარულს ქმნიდნენ.
რამდენი ხანი უმიზეზოდ, დავიარები,
არვის უკითხავს რა გიჭირსო - იქამდე, 
ვიდრე
ბოლთისცემით და ბოლო ბოლის გამონაბოლქვით,
თვალდახუჭული სიარულით არ წავიმტვრიე
სული, რომელიც ბავშვივით რჩება ობოლი
და ობოლივით ვეღარც ხვდება რაზე იტიროს.
გუშინ ვარდები მივაყარე, მკვდარი ვარდები,
ჩემს საფლავზე და დანარჩენი მკვდრები ტიროდნენ.
ყველა ხვდება, რომ როგორც თოფი გაგივარდება,
საფეთქელს ხვდება, ჩემს საფეთქელს, იოტისოდენ
მიწის გულში, რომ ავურიო,
რომ არ გავგიჟდე, არ ჩამთვალონ შეურაცხადად -
გეცადა იქნებ, ერთხელ მოსვლა, სულ რაღაც - ერთხელ.
სულ რაღაც ფიქრი, ჩემზე ფიქრი, იქნებ გეცადა.
და დაგეცადა 
და დაფიქრდი
(- რამდენი "და", "და").
საანათემო ლექსებზე ვარ, თითქმის ამ ბოლოს,
რომ ვეღარ ვხვდები ამ ფრჩხილებში რა და რა ჩავსვა
და ვერც რითმები შევუსიტყვე, აჰა, ხომ ხედავ!
ხვალ მაინც მოდი, სირცხვილია, ხალხი რას იტყვის,
არ მივიდაო, არ ნახაო, მკვდარი მაინცო,
თორემ, ჯანდაბას! მე ვიცი, რომ გული დაიტევს,
რომ კიდევ ერთი გიჟპოეტა ვინმე გაიცნო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი