ნუღარ გამაღვიძებ


სექტემბერია და სიცივეა, 
მეც გამაცივა და შუბლს მიცხელებს. 
არც თუ ისე დიდი სირცხვილია, 
როცა გიხსენებ და ვერც გიხსენებ
(ანუ ვერ გიხსენებ). 

ლექსებს სათაური მოვანგრიე
წინდის ყელივით და გულზე მაწვიმს. 
არც თუ ისე დიდი ღალატია, 
როცა მკითხულობ და რამეს არ გწერ. 
(ანუ მავიწყდები). 

მალე ოქტომბერიც მიმოყინავს
ირგვლივ ყველაფერს და გააფთრდება. 
არც თუ ისე დიდად ვიყო მინდა
ადრესატი შენი ბარათების
(ბარათს ვინ დაეძებს). 

სიცხით გათანგული ვგდივარ აგერ, 
სამი დღეა უკვე სიკვდილს ვებრძვი. 
ყველა გრძნობა გვერდით მივალაგე, 
ჰოდა დროა ახლა მიძინების
(ნუღარ  გამაღვიძებ).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი