მოუხედავად
ახლა ფილტვს მივსებს წვეთ-წვეთებით და მისხალ-მისხალ ჭლექი, თან ამას შენს გარდა კი ვერვინ ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ შენ მაინც მიხვალ, მადლობა ღმერთს, რომ არ მიდიხარ მოუხედავად. ამ სექტემბერსაც გამოუსხამს ნეშომპალები და დაუგია ორღობეში ფერადი ფარდა. მიუხედავად იმისა, რომ შენ იპარები, მაინც, მადლობა ღმერთს, იმისთვის ჰქვია გაპარვა ამ შენს წასვლას. გამოჩნდება გზად ვინმე კაცი და გაგიყოლებს და წაგიყვანს და სად არ გაფრენს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალს მაცლი, მადლობა ღმერთს, რომ ვერ იხილავ ჩემს დაღლილ ნაკვთებს. ვიცი, ვერ მტოვებ ჭლექიანს და ასე დავრდომილს, როგორ გიდარდე გადამწვარმა, წუხელ სიცხისგან. ვბოდავდი, თურმე, მთელი ღამე, რას არ ვამბობდი, მადლობა ღმერთს, რომ მიდიხარ და იქ დაგიცდიან. ახლა ფილტვს მივსებს წვეთ-წვეთებით და მისხალ-მისხალ ჭლექი, თან ამას შენს გარდა კი ვერვინ ხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ შენ მაინც მიხვალ, მადლობა ღმერთს, რომ არ მიდიხარ მოუხედავად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი