* * *


დალაგებულან მთაზე ნისლები, 
რას შევეხიზნო,  ვის შევეთავსო. 
არტერიები გადავიხსენი
და შენ იღიმი - რაღაც წვეთავსო.

 ნასექტემბრალი ქარი ქრის ახლა, 
ახლა ფიქრებიც ნისლივით ლამბავს. 
მე ვთქვი,  რომ შენში შემომასახლე
და შენ  - არაო,  ადგილი არ მაქვს.

გამიმარტივდა ლექსიც და რითმაც, 
ღმერთიც მაოცებს - არ მეკარება. 
გელოდი როგორ,  გელოდი დიდხანს, 
შენ რა განაღვლებს,  რა გენაღვლება. 

ნატყვიარივით სულზე მატყვია, 
შენი ყოველი სიტყვა,   ნათქვამი
და ყველა მოსვლას ვიცი,  მატყუებ, 
მაგრამ ღმერთმა ქნას ერთხელ მართალიც. 

შემოდგომდა და სულიც მიბაძავს
ამ ფოთოლცვენას,  მეც დავმთავრდები. 
შენ შორს გახედავ  სულ სხვა ვიღაცას
და მე დავრჩები დანათოვები. 

დალაგებულან მთაზე ნისლები, 
რას შევეხიზნო,  ვის შევეთავსო. 
არტერიები გადავიხსენი
და შენ იღიმი - რაღაც წვეთავსო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი