რას გამოაპარებ ფოთლებს
რას გამოაპარებ ფოთლებს! ყველაფერი იციან თავიანთი აღსასრულის შესახებ და როგორ გინდა, რომ დააიმედო. სწორად სიცოცხლისათვის ეს ერთჯერადი - აპრილიდან ოქტომბრამდე სიცოცხლეც ჰყოფნით. მე დავჯდები შემოდგომაზე მემატიანესავით და აღვნუსხავ ყოველივეს: ფოთლებზე დავწერ; ნააბორტალ ხეებზე დავწერ, რომლებსაც არ დაებადათ ფოთლები; შენზე დავწერ; შენს თვალებზე დავწერ; რა უაზრობებზე აღარ დავწერ! არასდროს არ ჩამწვეთებია ყურში ქარის საუბარი. რას ჩურჩულებს ქარი, ქარი რას ჩურჩულებს. არასდროს არ მსმენ... ამ წინადადებაში არ მეკადრება ორმაგი უარყოფის გამოყენება ან მსგავსი ემფაზისები. მე სხვა ვარ და არ მეკადრება. მე ერთხელაც ვერ უარგყავი და ნურც ახლა გამომაყენებინებ ორმაგ უარყოფას, როგორც "არასდროს" და "არ", მაგრამ ისიც მახსოვს სამჯერ როგორ უარჰყო პეტრემ ქრისტე. რა არ მახსოვს, რა არ მახსოვს, რა არ მახსოვს! ბევრი უარყოფები არსებობს. რა დალევს უარყოფებს - სისხლის ჯგუფიდან დაწყებული - ყველაფერ არსებულამდე (ღმერთის ხელია ყველგან) - არადა ღმერთია მოწამე - თუ სხვა არავინ, რომ როგორ არ მინდა სიტყვა " ღმერთი" ბრჩხილებში მოვაქციო, გამოვამწყდიო ჩემსავით, ან რამეთი (ან "რამით") შევზღუდო. ღმერთმა იცის ყველაფერი, ღმერთმა მაპატიოს ყველაფერი, ღმერთმა გაასწოროს ყველაფერი! არაფერი არ არსებობს. წინა წინადადებაში არ დასმული მძიმესავით, არც მსუბუქივით, ან შემოდგომის ფოთლებივით ვერსად ვერ ვიკავებ ადგილს. ნუ გამკიცხავ ორმაგი უარყოფისთვის. რამდენი დადებითი მითქვამს შენზე პირველი ჯგუფის სისხლივით, დაავადების ტესტის პასუხივით და მაინც ორმაგ უარყოფას უკირკიტებ. არც ქრისტეს უთქვამს პეტრესთვის რამე (ან თუნდაც "რაიმე"). არც ამ ფოთლებს დაუშავებია ამ ტირიფისთვის რამე (ან აქაც "რაიმე"), მაგრამ მაინც გაუშვა, გააშვილა, გაეყარა, გაყარა, ძირს დაყარა. რომელსაც გაუმართლა ქარმა ჩასჭიდა ხელი, წაიღო და უკეთესის მოლოდინში, პატარა მდინარეში უკრა თავი. რა არ იციან ფოთლებმა! რას გამოაპარებ ფოთლებს! რა არ ნახეს მოლოდინში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი