მალაქია
რა არ გინახავს მალაქია, რა არ გინახავს, ფეხქვეშ ჩარეცხა ნიაღვრებმა მიწის სიმოკლე. გამოიცვალე მილიონჯერ შენი ბინა და ახლა გაოცებს და გიკვირს, რომ როგორ ვერ მოკვდი (უფრო სწორად, ცოცხალი რომ ხარ). ქვები ჩამოდნა მალაქია, ქვები ჩამოდნა, ქვები დაღლილი შენი ფეხის ტერფით ნატკეპნი. შენ ჩამოიღებ ძველ სურათებს ძველი თაროდან, თვალს გადაავლებ და თვალები მზით გინათდება (უფრო სწორად, ქრება სიბნელე). მოძულდი ყველას მალაქია, ყველამ გაგრიყა, როცა დადიხარ შენი ჩრდილი შენს ჯოხს მიმოსდევს. გულს ვეღარ გილბობს ერთი ჭიქა ტყემლის არაყი, მაგრამ უარყოდ ძნელიაო ყველგან მიმოსვლა (უფრო სწორად, სახლში ვეღარ ძლებ). დაგაღამდება მალაქია, მაგ ჭაღარაზე, უკანასკნელი თმის ღერიც კი გაგითოვლდება. სევდა შეგიპყრობს, გაუყვები იმ აღმართ გზაზე, შენ კი არადა, ვაგონებით გადის ცხოვრება (უფრო სწორად, არც გაქვს ცხოვრება). მიხვალ ბოლოში მალაქია, სოფლის ბოლოში, იქ სადაც შენთვის მოიზომე მიწა ცხრა ადლი. ხელჯოხს მიაგდებ შენს საფლავთან და ბოლო გროშით ყვავილს იყიდი, საფლავზე რომ მწვანემ გამრავლდეს (უფრო სწორად, უფესვო ყვავილს).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი