მქონდა ჩხავერი
ასე თუ ისე, მქონდა კერა, მქონდა ჩხავერი ეზოში, ლეკთან და ყვავები ზედ ასკდებოდნენ. მოჰქონდათ შავი, ღრუბლებივით შავი ჩხავილი და მეც ვენები სისხლისცლისგან დამისკდებოდა. არც ვენახი და არც კერა და აღარც მიწური შემომრჩა სადმე, დამრჩა სადმე, ან დამრჩა სადმე? ენგურთან ახლა ისევ ისე ცრემლებს ვიწურავ უკან ვბრუნდები ნატვრასავით, ხიდს გადასვლამდე. გუშინ დავწერე, ვეფხის ტყავზე ჩემი დიდება, გუშინწინ დიდი ომი მქონდა მოვრწყე დიდგორი. ახლა დახეთქილ სისხლძარღვებზე სისხლი დედდება და სადაცაა სულს მიხუთავს, ისე მიბორგავს ეს გადაღლილი და დაღლილი, ისე დაღლილი სული რომ ყველა შარა და გზა მოაგოლგოთა. ვერ შევიკარი საომარი ჯაჭვის საღილე და ბაზალეთი სირცხვილივით შემომრჩა, ჰოდა კი ვჭამე ასე სირცხვილივით ბევრი ღალატი. კი მქონდა რწმენა, კი ვიცავდი თავს და მეხურა ქუდივით ენა. ომი, ომზე გადავამეტე რა არ გავუძელ უმოსავლოდ მყოფი გლეხივით. ხოდაბუნები ამაგლიჯეს ძვლებზე მოკრული და სახეს ავლენს ვინ, ვინ არის, ან ვინ -ვინ იყო. იმდენი არ ჰყავს აქ შემოჭრილს ისე მოკლული, რომ ისევ ჩემგან განწირული არ ყოფილიყო. რა ბანალურად წერენ ჩემზე ლექსებს და ცრემლი ისე ჩამოსდით, რომ მარილის აღარ აქვს გემო. ერთი ნაგლეჯი მიწა დამრჩა, წყალი - ნაწრეტი, და მკვდრები - ბევრი, უფრო ბევრი, ვიდრე საჩემოდ მოსეული ყვავების დუნდგა ამ ჩემს მტევნებს და ჩემს კაცობას ჭაშნიკს უსინჯავს. ჩემი ფესვივით ოშკი, ხანძთა, შატბერდი თუ დგას - მოუსრესია, საბოსლედ აქვს ვიღაც უჯიშოს. ჰოდა საღამომ მოატანა, მზე გავასვენე და სადაცაა საფლავივით შემომღობავენ. არც ვინმე ამხსნის, მეც ამ ქედზე ვერ ავეხსენი და ფესვგამხმარი მეტირება შემოდგომამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი