მამა უნდა გამოვიდეს


ჩემი ბიჭი დიდი რომ გაიზრდება,  მამა უნდა გამოვიდეს.  ჰო,  მა,  როცა გავიზრდები მამა უნდა გამოვიდეო.  მოიცვამს ცხოვრებას ტანზე. 
თავიდან ღუტუნს დაუწყებს შიშველ ტანზე ეს მატყლისგან მოქსოვილი ცხოვრება.   ღუტუნს გაასერიოზულებს და ასე ღუტუნ-ღუტუნით პატარ-პატარა ჩქმეტობანაზე გადავა. 
დაავიწყდება ჩემს ბიჭს ასკინკილათი გართობა,  ან რაღა უნდა გამოვიდეს ასკინკილათი,  როცა მამა უნდა გამოვიდეს. 
გარეთაც უნდა გამოვიდეს,  როცა ვინმე დაუძახებს. 
თუ საქმე მოითხოვს,  ოფლიც უნდა გამოუვიდეს. 
სულ შუშის ნამსხვრევები კი არ ეყრება გზაზე,  თუ დასჭირდა
გვერდს აუვლის,  
გადაუვლის, 
ახალგაზრდობასავით ჩაურბენს და გადაუვლის.
სულ კი გვერდით არ ეყოლება მამამისი. 
უკვე დიდი იქნება და ეცოდინება როგორ უნდა აიღოს ბანკიდან სესხი, 
როგორ უნდა მისცეს ვიღაც ქალს ნეკნი, 
როგორ უნდა იცხოვროს სევდით და
როგორ უნდა უთხრას მეგობარს "ნეკი
ნეკისა". 
ჩემი ბიჭი,  რომ გაიზრდება მამა უნდა გამოვიდეს.  ჯერ ისეთი პატარაა,  როცა ვკითხე,  რა უნდა გამოხვიდე-მეთქი -/ მამაო. 
ჰოდა ჯერ მამა გამოვა, 
როცა მოხუცდება - ოთახიდანაც
და თავის ბიჭსაც გულში ჩაიკრავს,  რომელსაც მამად გახდომა ენდომება. 
ჩემი ბიჭი დიდი რომ გაიზრდება,  მამა უნდა გამოვიდეს! 
ჩემი ბიჭი დიდი რომ გაიზრდება,  მამა უნდა გამოვიდეს! 
ჩემი ბიჭი დიდი რომ გაიზრდება,  მამა უნდა გამოვიდეს! 
ჰო!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი