ვის არ მოჰკვდენია ქმარი


გარეთ გადიანო, დარდმა დაგრიაო,
აღარ გიჩერდება სული.
ახლა ისე  გინდა ცხრა მთა გადიარო,
ცხრა მთა, ცხრა ზღვას იქით თქმული.
აღარ იტიროო, ხალხი რას იტყვისო,
სირცხვილია გლოვა, ქალო!
ცრემლებს მოუარე, ცრემლებს მოუარე,
ვის არ მოჰკვდენია ქმარი.
გარეთ ქარიაო, ახლა შეგცივდება,
ქარში, აშარში  და შარში.
ენკენისთვეაო, უფრო გლოვისთვეო.
ახლა ცხოვრობ წელს და შარშან.
შალი ჩაიცვიო, შავი მოგიხდება,
ჩუ, არ იტიროო ქალო!
ხალხი მოდის, ჰოდა გშვენის მორიდება,
ვის არ მოჰკდენია ქმარი.
ოდა უმისოდ ხომ დარდებს მიუსევს და
ოდა, ეზო, სახლი, კარი.
ქალი ღამით ისევ დარდებს მიუწვება,
ვის არ მოჰკვდენია ქმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი