რა შუაში ხარ!


ახლა იმდენი რამე ხდება , ვეღარ ვაგროვებ,
ახლა ზუსტია ყველა ზმნა და მისი განგრძობა.
ვაბოლებ ყველა სიგარეტის ბოლს და ნაბოლარს
ვიტოვებ ფილტვში, რომ ჩავახრჩო და თანაგრძნობა
გამოვუცხადო ამით ყველა მარტო დარჩენილთ.
გამოვაცხო და შევბოლო და ფილტვი გავხვიო,
ვინმე, ბებერი მეშაურმის შაურმასავით,
ძველი სურათიც ვერ ვიპოვე, სადაც მარხია
მოგონებები. 
ღამე ახლა შუა ზღვაშია,
(მაგრამ არ მიღირს მსგავს რამეზე ფიქრის დაწყება).
შენ რას აშავებ, რას ათეთრებ, რა შუაში ხარ,
მე თუ წერილი არ მოგწერე და თუ დამწყევლა
ღმერთმა, რომელმაც მიმაჩვია ლოცვა-გოდებას.
ნოემბერივით ჯიუტი და ამაყი დავრჩი.
ვფიქრობ, ვიგონებ თუმცა, მაინც არ მაგონდება
რა დავაშავე, გავაშავე, რომ ვერ გადავრჩი
ამ წყევლისაგან, ამ წასვლისგან, რომ ხარ წასული,
ახლა აზრისგან დაიცალა ის, რომ შენ მოხვალ.
ჰოდა, ადექი, დამიბრუნე ჩემი წარსული,
მე იქ ლამაზი მომავალი  და გრძნობა მქონდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი