ჯერარა


"ჯერარა" ერქვა ჩემს მეგობარს. ასე ვეძახდით
მოფერებით, 
რომ სულ ყოველთვის ამას იძახდა,
როცა ვხუჭავდით თვალებს, ჰოდა ვითვლიდით სახლის
ეზოში იყო, თუ თავისი ღობის ჭიშკართან.

ბელივით იყო და ბაჯ-ბაჯით იქით გარბოდა,
 სადაც დამალვას ვერ ასწრებდა და "ვასტუკებდით".
ნუ იხილებით ასე მალე, ჯერ არაო და,
გაბრაზდებოდა და ხის ძირში დასკუპდებოდა.

მერე გავიდა მერხის წლები, მწარე მსხლის ძირიც,
რომლის კენწეროს  ტკბილს (ან თუნდაც, მოტკბოს) ველოდით.
გვქონდა თუთუნის ნიკოტინით ფილტვის სიმძიმე
და ეს გვახრჩობდა, გვგუდავდა და ისე ვხველოდით.

დავუყვებოდით ანკესებით და ვნადირობდით 
სოფლად ამოსულ თანატოლი გოგოების თვალს.
თევზებიც ჩუმად მოდიოდნენ სანაპიროსთან
და არ ვუშვებდით საღამომდე ჩვენი გვერდიდან.

მერე იყო დრო  (დრო ის იყო, თუ კი იყო დრო),
ერთად მგზავრობა და მძღოლების "გადაგდებები".
"ჯერარა" ისევ ზანტი იყო, მაგრამ ის უფრო
ძლიერი იყო მეგობრობის დავალებებში.

რამდენ ფიქრსა და მოგონებას ვყლაპავ, 
მარილწყალს 
ისე ვაყოლებ მოგონებას, ეს დამჩემდა და ...
სხვა და ახალი საუკუნე მერე დაიწყო,
მხოლოდ სიზმრებში თუ მოირბენს ჩემი "ჯერარა".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი