მელანქოლია
დღემდე არ მქონია მელანქოლია... ახლა, ასე ქაფქაფა აგვისტოში რა უნდა ნახო კაცმა სიზმარში, რომ გაგახაროს. (არა რა, ამ ამბის სხვანაირად დაწყებაც შეიძლება და მოდი ასე ვცდი). ... იაფფასიან კაფეში რომ შეხვალ კაცი ღვეზელის საჭმელად და ხედავ, როგორ იღვრება წინა დღის გამომცხვარი ღვეზელიდან ზეთი, აი, ისე მდის ოფლი, როცა სიზმარში ვხედავთ მე - ცოლს, ჩემი ციცქნა გოგო - დედას. დავიფიცებ, რომ ერთად ვნახულობთ სიზმარს: მოდის, კოკით წყალს მოგვიტანს თამუნა, თითო ჭიქას დაგვალევინებს და ჯდება ჩვენთან. თამარს თავზე ხელს მოხვევს და ეფერება, მე - თავჩაღუნული მაპარებს თვალს და ეს თვალები მეუბნება, რომ მეპატიოსო! არ უნდა გამეკეთებინაო! ადგება დილით თამარი და მიყვება სიზმარს, არადა, ვიცი ეს სიზმარი, ჩემთანაც იყო მოსული თამუნა. ვიღიმები და ისე ვეფერები თამარს, როგორც წუხელის თამუნა. საჭმელიც გაგვიკეთა თამუნამ, ხაჭაპურებიც დაგვიცხო. თამარი აღარაფერს აღარ სჭამს. თაფლიან ჭიქაში წყალს ჩავუსხამ ხოლმე, გავულესავ და ვასმევ, - უყვარს. ხომ ყოფილა შესაძლებელი, რომ ერთი და იგივე სიზმარი ვნახოთ ორმა?! - ჰოდა ვნახეთ. ... ახლა ის დროა, რომ თამუნამ უნდა წავიდეს! ხვალისთვის მე დამპატიჟა, შენ მოდიო. ... თამარი გაიზრდება და მარტოს მოუწევს სიზმრის ნახვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი