ნატერფალი


მოთოვა და შენ არ გაწუხებს იმაზე მეტად
ყინვა,  
ვიდრე ეს ცარიელი კვალის ამბები. 
დგახარ კიბეზე, მონატრებაც შეგეყინება
და არ გადარდებს საღამომდე თუ გადარჩები. 

თოვლის ნატერფალს დაუფიმფლავს ქალის სურნელი
და ამ თოვაში ცრემლი როგორ გამოიძახე. 
გაგიღარიბდა ფანტაზიის ყველა უნარი,
ვერგაძლებულმა ხის კედლებში გამოდი გარეთ. 

დგახარ ყინვაში და კონტექსტის შესაბამისად
ვერ ხვდები,  თუ რა ტერმინები მოუძებნო დროს.
ფიქრობ სიკვდილზე,  რომ უფლება შენს თავს არ მისცე, 
რომ გაყინული ნაბიჯივით მოუღო ბოლო. 

ასეთ ყინვაში ცრემლი თვალზე მიგეყინება
მშრალი მარილით აგევსება თვალის უპე და
დგახარ,  მოელი ყინვის ლხვობას,  თუმცა ვერ იტან
ლოდინს,  
რომელიც ეს ესაა დაგეღუპება. 

მოთოვა და შენ არ გაწუხებს იმაზე მეტად
ყინვა,  
ვიდრე ეს ცარიელი კვალის ამბები. 
დგახარ კიბეზე, მონატრებაც შეგეყინება
და არ გადარდებს საღამომდე თუ გადარჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი