წერტილის შემდეგ წასაკითხი


ხშირი სუნთქვებით გადაღლილი მჩატე ფილტვები,
გაივსო უკვე ნიკოტინით სულ ყელამდეა.
არ მემეტები, გეფიცები, არ მემეტები,
ასე ირიბი, დაკაწრული, რომ ყველა დღეა.

ნასესხებ სითბოს 
ვინ შეგარჩენს, ვინ გაპატიებს,
თითების კვნეტით გზა აგვებნა და ღმერთი გვდევნის.
ვიღაცა ჩუმად ღამით აფრთხობს ველზე კალიებს,
ვერ გამოგძერწე - ავადაა მოდილიანი.

უშანსოდ, 
უღვთოდ, 
უიმედოდ და რამდენ „უ“-დოდ,
უდოდ, უძმოდ და უუნაროდ რომ რამე არ ჩანს.
სულის გაფრენას ჩუმად ყური უნდა დავუგდო,
რადგან ბალანსზე მხოლოდ მინუს სიცოცხლე დამრჩა.

რადგან... 
წვიმა და ცრემლი ძნელად გასარჩევია,
ქოლგას ვიხურავ ცრემლისთვისაც, ხახვით ტირილზეც.
მაგრამ ყოველი ცრემლისდენა განაჩენია,
განაჩენია და სიკვდილი ნიღბის ღიმილზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი