სწუხან დედები


დედები მხრებით ატარებენ წვიმის ნატერფალს,
სწუხან დედები და ფიქრობენ ჯიუტ ქალებზე,
თვალში მალავენ გაყინული ცრემლის ნატეხებს,
და სველ ტანსაცმელს გაუხდელად, ზედ იმშრალებენ,
და დედებს ასდით წვიმის სუნი, იაფფასიან
სუნამოს სუნში აზელილი, და ხერხემალში
ღრმად ჩაკირული სიცივე და მუნჯი ცახცახი,
მხოლოდ მუნჯივე პროტესტი და მუნჯი დემარში.

დედები, ყველა გამოცდისთვის მუდამ მზად მყოფნი,
მაშინაც, როცა იმდენია გადასატანი,
დახლებთან დგანან და ყიდიან პურს და კარტოფილს,
კარტოფილი და პური სახლში რომ მოიტანონ.
დედები ღამით ბრუნდებიან გადაღლილები,
მაგრამ ურყევი სიამაყეც ზედ აწერიათ,
და ჩვენ ვბრაზდებით, რომ სხდებიან ტელევიზორთან,
და ინტერესით უყურებენ თურქულ სერიალს.

დედები, ასე ძვირფასები, ადრე წვებიან,
ხანდახან ფიქრი ხელს დარევთ და დაათენდებათ,
და მუდამ თითო ამოოხვრით იკუმშებიან,
ჩვენი მამების საფლავები რომ ახსენდებათ,
და ვერც ტირიან, ვერც გმინავენ, ბალიშს ლოყებით
ეკვრიან, მხოლოდ ემატებათ გულზე ბზარები,
იმძინარებენ თავებს, როცა მათ ლოგინებთან,
ფეხის წვერებით, საკოცნელად მივიპარებით.

დედებს სჯერათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად
ჩვენ ვართ ამ ქვეყნად გაცილებით მეტის ღირსები,
და ღმერთის მიმართ რბილ საყვედურს ხშირად ბედავენ,
და ჩვენც მორიგი გამძლეობით ისევ ვივსებით,
მაგრამ მალევე გვახსენდება ცრუ იმედები,
მკვდარი თვალებით რომ გვიმზერენ ხსოვნის ფოსოდან,
რომ შეგვძლებოდა სხვანაირად, რომ არ გვეწერა,
იქნებ ცხოვრება, უკეთესი, ჩვენც გამოგვსლოდა,

და დედებს ჩვენით ეამაყათ, იქნებ, ვინ იცის,
იქნებ საკუთარ სიფხიზლეში არ დაგვეძინა,
და იქნებ ისე არ დაგვეწყო, როგორც დავიწყეთ,
და დანგრეული ოჯახებიც გადაგვერჩინა...
დედები მხრებით ატარებენ წვიმის ნატერფალს,
და სველ ტანსაცმელს გაუხდელად, ზედ იმშრალებენ,
და დედებს ასდით წვიმის სუნი, როცა თბებიან,
სწუხან დედები და ფიქრობენ ჯიუტ ქალებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი