შავი ფიფქები
თოვლი მოვიდა, უსინათლო. თვეა უკვე ერთი თუ ორი, ბერის კაბაში გახვეულმა შემოდგომამ, უკრაინის ფერდობებიდან, მეც მომიტანა ფურცლით უწყება: “წარმოიდგინე, აქაც ზამთრდება, ეს _ მეათასედ, მხარეში, სადაც უფართოესი დინება მოდის: სისხლი, ნაკურთხი ნაჯახებით, იაკობის ციური სისხლი… ო, სიალისფრის ყინული არაამქვეყნიური _ ჰეტმანი რომ გადალახავს თავის აღალით, დაბნელებულ მზეთაქვეშეთში… ოჰ, შვილო, ვნატრობ მხოლოდ თავსაფარს, გავეხვეოდი, ჩაჩქანები როცა ელავენ, როცა ჩამესმის ვარდისფერი ხორგის ჭრიალი, თოვლის მტვერივით გაიფანტება როცა ჩონჩხი მამაშენისა, ფლოქვით თელილი მღერა კედარზე… თავსაფარი, მხოლოდ ციცქნა თავსაფარი, რომ გავუფრთხილდე ამიერიდან, რაკიღა უკვე ტირილს სწავლობ, ჩემივე გვერდით სივიწროვეს ამ სამყაროსას, რომელიც აღარ ამწვანდება, ჩემო შვილო, შენი შვილისთვის!” სისხლად მდიოდა შემოდგომა, დედაჩემო, და თოვლი მწვავდა: ჩემს გულს ვეძებდი, რომ ეტირა… ვპოვებდი სუნთქვას, ოჰ, ზაფხულისას, ის სულ შენ გგავდა. მე ავტირდი. ვქსოვდი თავსაფარს. (გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი